მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაცია ვირუსი არ არის, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაედოს - დეპუტატი

60e809a0181f8
ინგა მურუსიძე
09.07.21 12:44
956
ინფლაცია ვირუსი არ არის, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაედოს, - ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს ნიკოლოზ გაგუას. რაქვიაშვილი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში ინფლაციის მაღალი დონე სებ-ის "დამსახურება" იყოს:

„თქვენ თქვით, რომ ინფლაცია მსოფლიო გამოწვევაა, მაგრამ ინფლაცია ვირუსი არ არის, რომ ერთი ქვეყნიდან მეორეს გადაედოს. მეზობელ ქვეყანაში ინფლაციის გავრცელება ბუნებრივად არ ხდება. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

მაგალითად, ევროზონაში შარშან ინფლაცია 1%-ზე დაბალი იყო. თქვენ ვერ იპოვით ქვეყანას, რომელსაც ჩვენნაირი ინფლაცია აქვს, გეთანხმებით, რომ იქ მაღალი ინფლაციაა, მაგრამ ორჯერ უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენ. ზოგადად, ევროზონაში ინფლაცია 1%-ია, 2 %-ია და თარგეთის ფარგლებშია თითქმის ყველაფერი.

რაზე დაფუძნებით ამტკიცებთ, რომ ეს მსოფლიო პრობლემაა? როგორ გარდაიქმნა ეს მსოფლიო პრობლემად და ჩვენ როგორ დავზარალდით? ხომ არ შეიძლება, რომ ინფლაცია ეროვნული ბანკის დამსახურება იყოს?“, - მიმართა რაქვიაშვილმა ნიკოლოზ გაგუას.

შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოში 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელიც ინფლაციის ტარგეტზე - 3%-ზე - 3-ჯერ მეტია.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენს, ესენი არიან: ნიკო გაგუა, ეკა მიქაბაძე და ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.