მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციამ მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს - ევა ბოჭორიშვილი

61ddaa846f519
სალომე ჭიპაშვილი
12.01.22 10:35
723
Galt & Taggart-ის საბაზისო პროგნოზით, ინფლაციამ მარტიდან ეტაპობრივი შემცირება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა. 

“ინფლაცია არის ნამდვილად გამოწვევა და ეს 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებლებში ცალსახად ჩანს. წინა თვეებთან შედარებით, დეკემბერში ინფლაცია კვლავ გაიზარდა, რაც იყო გამოწვეული საბაზო ეფექტით, ანუ გასული წლის კომუნალური გადასახადის სუბსიდირებით.

ნოემბერში დაფიქსირდა 12,5%-იანი წლიური ინფლაცია, დეკემბერში კი 13,9%-იანი ინფლაცია გვაქვს;

როდესაც ვსაუბრობთ ინფლაციის პროგნოზზე, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ვითარება იქნება მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე. გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს და არის თავად ვირუსის ეფექტიც, მიწოდების ჯაჭვების მოშლაზე არის საუბარი და ამასაც ექნება გავლენა; ასევე გავლენა აქვს შიდა ფაქტორებს, იქნება ეს კომუნალური გადასახადების გაზრდა ან ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ყოველთვის მოქმედებს ინფლაციაზე.

ეროვნული ბანკის ინსტრუმენტია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მისი გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ფასები შემცირებას დაიწყებს. ვპროგნოზირებთ, რომ მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციამ კლება", - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.

მისი განცხადებით, ყველაზე დიდი წვლილი დეკემბრის ინფლაციაში სამმა სასაქონლო ჯგუფმა შეიტანა. ესენია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები გაზრდილია 15,6%-ით ანუ 5 პროცენტულ პუნქტამდე შეაქვს მთლიან წლიურ ინფლაციაში, შემდეგ არის კომუნალური გადასახადები, სადაც ფასები წინა წელთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და ტრანსპორტის კატეგორია, რომელსაც შეაქვს საკმაოდ სოლიდური წილი ინფლაციაში, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციებთან, აქ ფასები გაიზარდა 17,3%-ით.

პარალელურად, ევა ბოჭორიშვილი მიუთითებს, რომ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, რაც მომავალში ინფლაციაზე  შეიძლება ნეგატიურად აისახოს.