მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციაზე 2022 წლის ბიუჯეტის ზეწოლა მკაცრი მონეტარული პოლიტიკით განეიტრალდება - სებ

616d813968c8b
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.21 18:23
927
ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკუთარი დასკვნა პარლამენტს წარუდგინა. დასკვნის თანახმად, ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას მომდევნო წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს, რადგან ამით სებ-ი ინფლაციაზე ბიუჯეტის ნეგატიურ გავლენას გაანეიტრალებს.

ეროვნული ბანკის დასკვნაში საუბარია სახელმწიფო ვალის კომპოზიციაზეც. სებ-ი დადებითად აფასებს ფაქტს, რომ მთავრობა მომდევნო წელს 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს. დასკვნის თანახმად, შიდა ვალი უფრო უსაფრთხოა, რადგან მას სავალუტო რისკი არ ახლავს.

საკუთარ დასკვნაში ეროვნული ბანკი ასევე წერს, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე გავლენას მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც ახდენს.

ეროვნული ბანკის დასკვნა ბიუჯეტის პროექტზე:

“2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო, წინა წლების მსგავსად, საგარეო ვალდებულებების ზრდაა, თუმცა ასევე დაგეგმილია საშინაო ვალდებულებების მატებაც. პროექტით 2022 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ნაშთის 1,300 მლნ ლარით ზრდა მოიაზრება, მაშინ როდესაც 2021 წელს აღნიშნული ნაშთის კლებაა დაგეგმილი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთის ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის სასურველია, ვინაიდან სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების მოსალოდნელი ზრდის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია გაგრძელდეს და, ფისკალური წესის შესაბამისადაც, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმუმ 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები) დაუბრუნდეს.

როგორც პანდემიის შემდგომმა პერიოდმა დაგვანახა, კოვიდპანდემიის პერიოდს გაურკვევლობის ძალიან მაღალი ხარისხი ახასიათებს, ვინაიდან კოვიდ-სიტუაცია სხვადასხვა და წინასწარ არაგანჭვრეტადი ზომების მიღებას განაპირობებს, რაც ბიზნესის აქტიურობაზე და, შესაბამისად, მოთხოვნის შეკავებასა და შემდგომ მის არათანაბრად ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ ეტაპზე ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზების მიხედვით იყო მოსალოდნელი, რაც დაგროვებული მოთხოვნის არხით ინფლაციაზე წნეხს ქმნის. ვინაიდან პანდემია ჯერ არ დასრულებულა და გაურკვევლობის მაღალი ხარისხი კვლავ ნარჩუნდება, დაგეგმილზე უფრო სწრაფი ფისკალური კონსოლიდაცია როგორც მიმდინარე, ასევე შემდგომ წლებში, ინფლაციური წნეხის შერბილებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება კონკრეტულად 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით, ინფლაციაზე ბიუჯეტის პროექტით გამოწვეული პოტენციური დამატებითი ზეწოლის განეიტრალება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებით ან, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამკაცრებით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის დასკვნაში.