მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციაზე პასუხი ეროვნულ ბანკს უნდა მოვთხოვოთ - დეპუტატის რჩევა მთავრობას

627a517055a70
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.22 16:00
567
„არ აიღოთ პასუხისმგებლობა საკითხებზე, რომლებიც მთავრობას არ ეხება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა ინფლაციის და ინფლაციასთან ბრძოლაში მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ხოლო ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა - მთავრობის.

„უმრავლესობამ მიმართა ეკონომიკის მინისტრს კითხვით, თუ როგორ ებრძვის ეკონომიკის სამინისტრო ინფლაციას. ეკონომიკის მინისტრისგან ამ კითხვაზე არის მხოლოდ ერთი სწორი პასუხი - რომ ეს მათი საქმე არ არის და რომ ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს. ასე კონსტიტუციაში გვიწერია, მაგრამ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ასეთ პასუხს მიიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვა უკვე დავუსვი უკვე ყოფილ მინისტრს, იანვარში რომ იყო მოსული და საუბრობდა, თუ როგორ ებრძვის მთავრობა ინფლაციას. გამაოგნებელი გამოსვლა იყო მაშინ, იმიტომ, რომ არაფერ შუაში არ იყო მისი სიტყვები რეალურ პრობლემებთან. არც მთავრობას არ აქვს ის ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებოდა მას ინფლაციასთან ბრძოლაში. კითხვა დავუსვი და მივიღე პასუხი, რომ მთავრობა სხვადასხვა ნაბიჯს დგამს, მათ შორის, წამლების ბაზრის დერეგულაცია და ასე შემდეგ, რაც დაეხმარება ინფლაციას. ეს უბრალოდ, მიუთითებდა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში საერთოდ აზრზე არ არიან რა ხდება. ამ უცოდინრობის თუ არ ვიცი, რა მიზეზი შეიძლება იყოს, შედეგი არის ის, რომ მთავრობა თავისით იღებს პასუხისმგებლობას საკითხზე, რომელიც მას არ ეხება. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მართლა პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერში, არ იმჩნევენ ამ პრობლემას“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი შეფასებით, უფლებამოსილებები არეულია და შეცდომების თავიდან ასაცილებლად პარლამენტში დისკუსიები უნდა გაიმართოს.

„საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ჩვენ არეული გვაქვს უფლებამოსილებები. უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლის მეშვეობით, არაკონსტიტუციურად შეიძლება იყოს მიჩნეული ქმედებები, როცა ერთი ინსტიტუცია მეორეს საქმიანობაში ერევა. თუ ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ის ებრძვის ინფლაციას, ეს იქნება მკაფიო მაგალითი იმისა, როგორ არღვევს მთავრობა კონსტიტუციით დაცულ ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს და ერევა მის საქმიანობებში. მოგიწოდებთ, რომ მინიმუმ, დისკუსიები მაინც გაიმართოს პარლამენტში იმის თაობაზე, რომ ასეთი შეცდომები არ იყოს დაშვებული. არ აიღოთ პასუხისმგებლობა საკითხებზე, რომლებიც მთავრობას არ ეხება და პასუხი მოვთხოვოთ იმ ინსტიტუციებს, რომლებიც პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე. მთავრობა პასუხისმგებელია ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ გვაქვს ორი კომიტეტი - დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები, სადაც ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს. ასეთი განხილვა დაგეხმარებოდათ უმრავლესობას, რომ ეს შეცდომები არ დაუშვათ და ზოგადად, ჩვენ ყველას დაგვეხმარებოდა, რომ უკეთესი ეკონომიკა გვქონდეს და უფრო სწრაფად იზრდებოდეს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.