მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა არ იგეგმება - კობა გვენეტაძე

5fe1d55c8ebe8
ინგა მურუსიძე
22.12.20 15:31
886
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა არ იგეგმება.

გვენეტაძემ ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტს განიხილავენ.

„ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გადახედვა არ იგეგმება, ამას არანაირი აზრი არ აქვს“, - თქვა მან.

გარდა ამისა, კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრ განაკვეთზეც გააკეთა განმარტება:

„დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს დოკუმენტს, რომელსაც წლიურად წარვადგენთ პარლამენტში. ეს არის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აღწერს, პოლიტიკის რა ბერკეტებს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან სამწლიან პერიოდში ვიყოთ მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიამ გაართულა სიტუაცია, იქიდან გამოდინარე, რომ ტურიზმიდან შემოსავლები თითქმის მთლიანად დაშრა. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ეფექტი უფრო გადაწონის.

ეს არის შემცირებული მოთხოვნა, რომელიც ინფლაციას ქვემოთ სწევს თუ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურების, თუ მიწოდების ჯაჭვებიდან წამოსული ეფექტი, რომელიც ინფლაციას ზემოთ სწევს. ასეთ სიტუაციაში რთულია პროგნოზების გაკეთება, ამიტომ მაქსიმალურად ვაკვირდებით სიტუაციას და გადაწყვეტილების მიღებაც ამის მიხედვით მოხდება. ქვეყანაში უფრო დაბალი დოლარიზაცია რომ იყოს, შევძლებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, თუმცა ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას; დიდი ალბათობით უფრო გახანგრძლივებულად მოგვიწევს მონეტარული პოლიტიკის შედარებით გამკაცრებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და არ არის გამორიცხული, გამკაცრებაც გახდეს საჭირო“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.