მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის „დაჭერა“ თუ ეკონომიკის ზრდის ტემპის „გაწირვა“ - ინტერვიუ ირაკლი კოვზანაძესთან

61644221483a0
თელარა გელანტია
11.10.21 23:00
1144
გაუფასურებული ლარი, საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის გაძვირება და ბიუჯეტის დეფიციტი და მისგან გენერირებული გაზრდილი ფულის მასა - ეს ის სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს. ფასების ზრდის მთავარ ფაქტორებზე ირაკლი კოვზანაძემ Forbes Georgia-ს და BM.ge-ის მთავარ რედაქტორებთან გიორგი ისაკაძესა და თელარა გელანტიასთან ინტერვიუში <#რედაქტ2> კიდევ ერთხელ ისაუბრა და დაგვიანებული რეაგირების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი მორიგჯერ გააკრიტიკა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ახლა სებ-ის პოლიტიკა მოსწონს.

„მიზნობრივი წლიური ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული, სექტემბერში კი ფასები წლიურად 12.3%-ით გაიზარდა. რეგიონში ერთ-ერთი მაღალი ინფლაცია გვაქვს. ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე ჯერ კიდევ შარშან ვსაუბრობდი, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს ვამტკიცებდით, რადგან დეფიციტი იყო მაღალი და მპკ-ის გამკაცრება მოგვიწევდა. მოსახლეობა რიცხვების გარეშეც გრძნობს და მტკივნეულად განიცდის გაზრდილ ინფლაციას, რომელიც სერიოზული პრობლემაა და ამის პროგნოზირება შესაძლებელი იყო“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

თ.გ ბატონო ირაკლი, ეროვნულ ბანკს 2021 წლის დასაწყისიდანვე რომ გაემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის „დაჭერაზე“ ეზრუნა, ახლა გვექნებოდა ეკონომიკის ზრდის ის ორნიშნა ტემპი, რომლითაც მთავრობა თავს იწონებს და გვეუბნება, რომ „ეკონომიკა დუღს“?.. თან თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის „ლოქდაუნებს“ და 6%-ით შემცირებულ ეკონომიკას...

- არ მინდა ახლა ვინმეს პრეროგატივასა და ფუნქციებში შევიჭრა... მთავრობას თავისი ფუნქცია აქვს და სებ-ს - თავისი. ეროვნული ბანკის მისამართით ჩემი ტონი გამკაცრებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია იყო მაღალი და უნდა ვთქვათ, რატომ იყო მაღალი. მე ვაფასებ სებ-ის მუშაობას წლიური ანგარიშით, ასევე მთავრობის მუშაობას - ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას და ცალკე არ ვაფასებ სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტროებს... მიმაჩნია, რომ დავაგვიანეთ რეაქცია, მაგრამ სებ-ის შემდგომი ნაბიჯები იყო სწორი და დროული; რაც შეეხება თქვენს კითხვას - მონეტარული პოლიტიკის ადრე გამკაცრება გამოიწვევდა თუ არა ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებას, კანონმდებლობითაა გამიჯნული ვინ რაზეა პასუხისმგებელი და ვიცით, რომ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე, მთავრობა - ეკონომიკაზე...

თ.გ. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ეკონომიკა კანონებით იმართება? - თან პანდემიის პირობებში...

- არ იმართება...

თ.გ. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ძალიან ხისტი რომ ყოფილიყო და ეთქვა - დიახ, მე ორგანული კანონით ინფლაციის სტაბილურობაზე ვარ პასუხისმგებელი, ვხედავ რისკებს ფასებზე წნეხის მიმართულებით და ვამკაცრებ პოლიტიკას, ეკონომიკას ამ დროს რა დაემართებოდა?

- მოსახლეობას ხომ ფასები აწუხებს...

თ.გ. რა თქმა უნდა აწუხებს; ყველას გვაწუხებს...

- რიგ პროდუქტებზე 100%-ით არის ფასები გაზრდილი - ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ; შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ნახევარი პროცენტული პუნქტით, მერე - 1 პპ-ით გაზარდა განაკვეთი. ყველა სტრუქტურას თავისი პასუხისმგებლობის ზონა აქვს. მე სებ-ს არ ვაკრიტიკებ, ზუსტად ვამბობ იმას, რისი თქმაც მინდა - კანონით გვაქვს გამიჯნული, რომ ცენტრალური ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ამიტომ მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დათრგუნოს ინფლაცია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სებ-ია პასუხისმგებელი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ა.შ. მაგრამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სრულიად დამოუკიდებელი ფიგურაა, ვერავინ ერევა მის საქმიანობაში, ამიტომ მან უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ფინანსური სექტორის მდგრადობას, ასევე უნდა დათრგუნოს ინფლაცია და ა.შ. აქ ამაზეა საუბარი.

თ.გ. ანუ თქვენი აზრით, სჯობდა ეკონომიკის ზრდის ტემპის „გაწირვა“ და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება?

- არაჩვეულებრივი ზრდის ტემპი გვაქვს...

თ.გ. ეროვნული ბანკი რომ წლის დასაწყისიდანვე უფრო მკაცრი ყოფილიყო, გვექნებოდა?

- რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი მაღალი ინფლაცია...

თ.გ. ცოტათი ეკონომიკა უნდა „გაგვეწირა“ და ცოტათი - ინფლაცია?! ბატონო ირაკლი, ვერ მივიღე პასუხი...

გ.ი. შეიძლებოდა თუ - არა, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ისეთი ერთობლივი ღონისძიებები განეხორციელებინათ, რომ ფასები, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე, უფრო დაბალი ყოფილიყო?

- ვანო მაჭავარიანი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ერთ-ერთი კარგი ფინანსისტი იყო და მე და მას 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა... არ მიმაჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ასეთი მაღალი უნდა ყოფილიყო..

თ.გ. ეროვნული ბანკის უახლესი პროგნოზით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომავალი წლის პირველი ან მეორე კვარტლიდან დაუახლოვდება. როგორ ფიქრობთ, დღეს სხვა რამე ინსტრუმენტი აქვს სებ-ს, რომ უფრო სწრაფად დათრგუნოს ინფლაცია და ასევე, ეს ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს?

- ეროვნულ ბანკს ყველა ტიპის ინსტრუმენტი აქვს, რომ ინფლაცია დათრგუნოს, მაგრამ ნედლეულის ფასები გაზრდილია - ამას სებ-ი ვეღარ მოუვლის და ასეთ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს ნამდვილად სჭირდება სხვა სამინისტროების დახმარება; სებ-ი პასუხისმგებელია ინფლაციაზე, მაგრამ მას გვერდში უნდა ამოუდგეს ყველა ინსტიტუტი, აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა, რათა ინფლაცია დაითრგუნოს, რადგან გაზრდილი ფასები განსაკუთრებით პრობლემურია დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის და პენსიონერებისთვის...

თ.გ. არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის გათვალისწინებით, მონეტარული ინსტრუმენტების წონა და ძალა არაა სრულად ქმედითი და დღეს, მაღალი ინფლაციის გამო პასუხისმგებლობის მარტო ცენტრალურ ბანკზე „აკიდება“ რამდენად სამართლიანია? - სებ-ის მცველის როლში აღმოვჩნდი...

- პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს მე ვიცავ, მაგრამ როცა ასეთი მაღალი ინფლაციაა ქვეყანაში, სებ-ზე პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტს და ეს ჩვენ უნდა ვთქვათ; პარლამენტში არიან კვალიფიციური დეპუტატები, რომლებსაც აქვთ კითხვები და სების კვალიფიციურმა ხელმძღვანელობამ ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია გვაქვს და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გარკვეულ სეგმენტში მუშაობს, გარკვეულ სეგმენტში - შეზღუდულია. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ მპკ-ის ინსტრუმენტებს გადაცემის მექანიზმები აქვს, ამიტომ სებ-მა ისინი თავის დროზე უნდა გამოიყენოს.