09.დეკემბერი .2019 20:29

ინფლაციის მაჩვენებლები ძირითადი სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით

views 349
უკან

2019 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის სამომხმარებლო კალათაში ყველაზე დიდი წილი სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს უჭირავს (30.8%); შემდეგ მოდის ტრანსპორტი 12.1% და ჯანმრთელობის დაცვა 8.0%. ცხადია შედარებით დაბალი სოციალური ფენისთვის სურსათისა და ჯანდაცვის წილები კიდევ უფრო იზრდება, ამიტომ ამ ჯგუფებში შემავალ პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს ყველაზე მგრძნობიარედ აღიქვამს მოსახლეობა.

ინფლაციის მაჩვენებლები რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება, ნიშნავს ფასების მატებას მოცემული წლის მოცემულ თვეს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. ამიტომ ფასების მატების ეკონომიკური შეფასება წინა პერიოდის მიხედვითაც უნდა მოხდეს. მაგ; 2017 წელს ინფლაციის დონემ შეადგინა 6,7% ხოლო 2018 წელს 1,5%. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2018 წელს ფასები შემცირდა, არამედ იმას, რომ 2017 წელს ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ამ გაზრდილ ფასებთან შედარებით, მომდევნო წელს ფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა მაღალი ფასების დონე ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი - ფასები გაიზარდა 13.4%-ით. თუმცა ჯგუფის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ცალკეულ პროდუქტებზე ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გთავაზობთ ინფლაციის დონეს როგორც მიმდინარე წლისათვის, ასევე 5 წლიანი დიაპაზონით, 2015 წელთან შედარებით.



დაბალი ეკონომიკური განვითარება, მცირე წარმოება ბაზარზე მზარდი მოთხოვნის საპირისპიროდ იწვევს ფასების ზრდას, ხოლო მეორეს მხრივ, ლარის დევალვაცია იმპორტის დიდი წილის (იმპორტის 70,7%-იანი წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში) გამო იწვევს იმპორტირებული პროდუქტების გაძვირებას და შესაბამისად ისახება სამომხმარებლო ბაზარზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.1%-ით. გთავაზობთ პროდუქტების ფასებს როგორც მიმდინარე წლისათვის, ასევე 5 წლიანი დიაპაზონით, 2015 წელთან შედარებით.



საწვავის ჯგუფში ფასების ზრდა უკავშირდება: აქციზზე გაზრდილ გადასახადს; ვალუტის კურსის გაუფასურებას, რაც იწვევს იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას და ასევე ოლიგოპოლიურ ბაზარს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში. ამ ჯგუფში აღსანიშნავია ქალაქის შიგნით ტაქსით მგზავრობის ფასის მატება, რაც დაკავშირებულია თბილისის მერიის მიერ თეთრი ტაქსების რეგულაციის შემოღებასთან. მოცემულ სერვისზე მოთხოვნა არ შემცირებულა, თუმცა შემცირებული მიწოდების გამო ტაქსის მომსახურება გაძვირდა.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3,3%-ით. გთავაზობთ პროდუქტების ფასებს მიმდინარე წლისათვის, 2015 წელთან შედარებით და 2013 წელთან შედარებით, რადგან სწორედ ამ პერიოდიდან ამოქმედდა ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.



ამ ჯგუფში მაღალ ფასებს განაპირობებს ლარის კურსის დევალვაცია, რაც იწვევს იმპორტირებული პროდუქტების ფასის გაძვირებას და დამკვიდრებული ოლიგოპოლიური ფარმაცევტული ბაზარი. ჯანდაცვის მომსახურება თუ მედიკამენტები არაელასტიკური პროდუქტებია, მიუხედავად გაძვირებისა პირველადი მოხმარების მედიკამენტებს მოსახლეობა მაინც ყიდულობს, შესაბამისად გაზრდილი ფასების დონე ბაზარზე ნარჩუნდება და ფასების შემცირებაც ნაკლებად ხდება. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის გავლენას მომსახურების ხარისხსა თუ ფასზე, სახელმწიფო დაფინანსების მოცემულმა სისტემამ კლინიკებს მანიპულირების საშულება მისცა, გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როცა კლინიკები არასრული მკურნალობით იღებდნენ ფინანსებს, ასევე ზედმეტი მედიკამენტების გამოწერითა და მედიკამენტებზე მოთხოვნის ხელოვნური ზრდით კლინიკებმა მიიღეს ე.წ. ,,ქეშბექები’’. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, როცა სახელმწიფო ახდენს კლინიკების სუბსიდირებას, ეს მოტივაციას აჩენს ტარიფებისა და მომსახურების ფასების გაზრდაზე. როცა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკები თუ ფარმაცევტული კომპანიები ხედავენ, რომ პაციენტების თანადაფინანსებაში შემოდის სახელმწიფო, მოტივაცია ექმნებათ, რომ მეტი მოგებისა და დამატებითი შემოსავლების მისაღებად ხელოვნურად გაზარდონ ფასები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა