მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა - გვენეტაძე

61b0b3f78e972
თელარა გელანტია
08.12.21 17:30
318
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით მიიღწევა.

ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარუდგენს.

სებ-ის მიერ 2022-2024 წლებში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3%-ია განსაზღვრული. აღსანიშნია, რომ წელსაც მიზნობრივი დონე 3%-ია.

„ინფლაციის ტარგეტირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით. გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებს: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები მეორად ბაზარზე, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სავალუტო სვოპ ოპერაციები”, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. აღსანიშნია, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა.