მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფლაციის ზრდას ეკონომიკის ასე თუ ისე ნახტომისებრმა გამოცოცხლებამაც შეუწყო ხელი - სურგულაძე

6187a81306538
მარიამ ვარადაშვილი
07.11.21 18:05
1447
ოქტომბერში საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია სურსათის ფასების 18%-იანმა მატებამ, ასევე საწვავის გაძვირებამ, რამაც ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაზარდა.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან სურგულაძე “Forbes კვირასთან” საუბრისას ასახელებს იმ ფაქტორებს, რამაც საქართველოში სწორედ ასეთი მაღალი ინფლაცია გამოიწვია. მისი თქმით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდის გარდა, ლარის კურსმა და ფულის მასის მოცულობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ინფლაციის მაღალ დონეს.

“თითოეულ ქვეყანას საკუთარი სპეციფიური მიზეზებიც აქვს [მაღალი ინფლაციის] და ჩვენც ასე ვართ. ჩვენთან იმპორტული ინფლაციაა, რადგან ძალიან დიდია იმპორტის წილი და ქვეყნის გარეთ რომ ფასები გაიზარდა, ჩვენთანაც შესაბამისად მოხდა. ჩვენი შიდა ფაქტორია ლარის სისუსტე, ფულის მასის ზრდა, რამაც ინფლაციას შეუწყო ხელი. ალბათ საბიუჯეტო ხარჯვამაც. პრინციპში ეკონომიკის ასე თუ ისე რაღაც მოულოდნელმა, ნახტომისებრმა გამოცოცხლებამაც რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ინფლაციას. ეკონომიკა როცა იზრდება, ინფლაციური წნეხიც იზრდება, რადგან ხალხს ფული უჩნდება”, - აცხადებს სურგულაძე.

მან ასევე ისაუბრა საპენსიო სააგენტოში დაგროვილ თანხაზეც და თქვა, რომ რეკორდულად მაღალი ინფლაციის გამო, დანაზოგები არ იზრდება, თუმცა მისი შეფასებით, ინფლაციის მსგავსი მაჩვენებელი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

“ეფექტური შემოსავლიანობა ფონდზე, რომელიც ითვლება შემოსავლიანობა გამოკლებული ინფლაცია, ახლა უარყოფითია. გარკვეული პერიოდი ეს ნამდვილად ასე გაგრძელდება, შესაძლოა, 1 წელი და მეტიც. მსოფლიოში დღეს ასეთი პროგნოზებია, რომ მერე შეიძლება მაჩვენებლები შეიცვალოს კიდეც. თუ ასე გაგრძელდა და ეს ფონდი მთლიანად ბანკში დარჩა, სადღაც მინუსში ან/და ნულთან ახლოს იქნება, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბენეფიციარისთვის საპანიკო ნამდვილად არაფერია.

რადგან ჯერ ერთი, ეს გრძელვადიანი საკითხია, ინფლაცია დასრულდება ოდესმე და საპენსიო ფონდიც რა თქმა უნდა, დადებით შემოსავლიანობაზე გავა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ყოველ მონაწილეს, როდესაც საკუთარ განკარგვად შემოსავალს ზოგავს, განთავსებისთანავე ერიცხება სარგებელი 275%. ანუ მისი განკარგვადი თანხა, რაც მან დაზოგა, პირდაპირ ოთხმაგდება. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ეს ფული გაუთხმაგდათ, იმასაც ვპირდებოდით, რომ მერე ამ ფულის ინვესტირებას მოვახდენდით სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში და შემდგომ ისინი კიდევ დამატებით სარგებელს მიიღებდნენ. ჩვენი კალკურატორებიც ამაზე იყო გათვლილი. ანუ რამდენი იქნებოდა ჩანაცვლების კოეფიციენტი, როცა ხალხი პენსიაზე გავიდოდა. ასე რომ უარყოფითი შემოსავლიანობა ჩვენს კალკურატორებში არ დევს. შესაბამისად, ინფლაცია კარგი არ არის, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ოდესმე დასრულდება,”-აცხადებს სურგულაძე.