მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფლაციისა და მერყევი კურსის არარსებობის შემთხვევაში, მეტი ინვესტიციის ჩადებას შევძლებდით“

61c32b6ed4feb
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.21 09:00
522
2021 წლის 9 თვეში კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტმა“ ბიზნესის განვითარების გეგმის მიხედვით, 5 მსხვილი პროექტის განხორციელებისთვის 15.9 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის რეალიზაციისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ირაკლი მახარობლიძემ კომპანიის ოპერირებისას არსებულ გამოწვევებზე BM.GE-ის კითხვებსაც უპასუხა და განმარტა, რომ ეს გამოწვევები კომპანიის მიერ მეტი ინვესტიციის ჩადებას აფერხებს.

„ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია", საქართველოში შემოსვლის დღიდან ინვესტიციებს განუწყვეტლივ ახორციელებს და მის მფლობელობაში არსებული ქარხნების მოდერნიზებას აგრძელებს. ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არსებული მაღალი ინფლაცია, პლიუს გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ის ორი ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომელთა არ არსებობის შემთხვევაში კომპანია ქართული ცემენტის წარმოებაში მეტი თანხების ინვესტირებას ნამდვილად შეძლებდა“, - აღნიშნა ირაკლი მახარობლიძემ.

მისი განმარტებით, ინფლაციური პროცესები ცემენტის სარეალიზაციო ფასზეც ნაწილობრივ აისახა.

„წარმოების ნაწილში, ინფლაცია, 2021 წელს ძალიან მაღალი 20%-მდეა, განსაკუთრებით კი ენერგომატარებლებზე, საწვავზე და იმპორტირებულ მანქანა დანადგარებზე. წლის განმავლობაში, ცემენტის სარეალიზაციო ფასების ნაწილობრივი ცვლილება მოხდა, თუმცა ასეთი მაღალი ინფლაციის პირდაპირ ასახვა ფასში თითქმის შეუძლებელია. აღნიშნული კი, საბოლოოდ, მძიმე ტვირთად აწვება მწარმოებლებს“, - აღნიშნა „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ რეალიზაციისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ცემენტის ადგილობრივი მწარმოებელი ადგილობრივი ბაზრის 50%-ს იკავებს და მაღალხარისხიანი პროდუქციით ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ამარაგებს.

„საქართველოს ბაზარზე ცემენტზე მოთხოვნა 2021 წელს მცირედით გაიზარდა და ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელსაც მაღალ ნიშნულზე დარჩება, რასაც ჩვენი აზრით, დიდწილად ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კომერციული და ბინათმშენებლობის სექტორების მცირედით გამოცოცხლება შეუწყობს ხელს.

დღეისთვის ცემენტის იმპორტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ისევ აქტიურად გრძელდება, რაც თურქეთში ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციითაა, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში იაფი ენერგომატარებლებითაა განპირობებული. იმისთვის რომ აღნიშნული იმპორტის მიმართ კომპანია კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, „ჰაიდელბერგცემენტმა“ ინვესტიციების განხორციელება კლინკერის წარმოების და დაფქვის მოცულობის გაზრდის მიმართულებით დაიწყო, რაც ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს“, - განმარტა ირაკლი მახარობლიძემ.

ცნობისთვის: "ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ ბაზარზე ცემენტის და ბეტონის ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. კომპანია ცემენტის ქარხნებს კასპსა (1) და რუსთავში (2) ფლობს, ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. „ჰაიდელელბერგცემენტი“ საქართველოში კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია. ბეტონის მიმართულებით პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. დღეისთვის ქვეყანაში კომპანიის 15 ბეტონის და 3 ინერტული მასალების ქარხანა ოპერირებს.