მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში რეაბილიტაციის მიმართულებით ცნობადობა მაღალი არაა“ - ირაკლი ნატროშვილი

63d37db27f53d
თათია კაკიაშვილი
27.01.23 22:15
767
„ჩვენს ქვეყანაში რეაბილიტაციის მიმართულებით ცნობადობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ძალიან მაღალი,“ - ამის შესახებ BMG-ის კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ნატროშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის გზა სახელმწიფოს მხრიდან ამ დარგის მეტად პოპულარიზებაა.

„რეაბილიტაციის მიმართულებით ცნობადობა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ძალიან მაღალი არ არის, ამას ძალიან დიდი პრეისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოდის, სადაც რეაბილიტაციას სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა და მეორე და მესამე პლანზე იყო გადატანილი. თუმცა დღეს მთელ მსოფლიოში რეაბილიტაციას დიდი ყურადღებაც ეთმობა, ამ სფეროს დაფინანსებაც, როგორც წესი, მაღალია, რადგან ყველამ კარგად გაიგო, რომ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის და მდგომარეობის შემდეგ, ადამიანს გარკვეული დრო სჭირდება, რომ აღიდგინოს ორგანიზმის ის ჩვეული ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც მას ჰქონდა ამ მდგომარეობის განვითარებამდე. "კოვიდმა" კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ამ სარეაბილიტაციო მკურნალობის აქტუალობა და მნიშვნელობა,” - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში ქართველი პაციენტების მომართვიანობა უცხოელებთან შედარებით გაცილებით მაღალია და ეს წილი 90%-10%-ზე ნაწილდება. თუმცა იმის მიუხედავად, რომ კლინიკა მესამე წელია, საქართველოში ოპერირებს, დატვირთულობა მაინც მაღალია. რაც შეეხება უცხოელ პაციენტებს, ნატროშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო მიმართულებით საქართველოს ყველაზე ხშირად რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან სტუმრობენ.

“ძალიან პრობლემურია ახალი პაციენტების მიღება,რადგან კლინიკა გადავსებულია და ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს. რა თქმა უნდა, ძირითადად, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა უცხოელებიც მოგვმართავენ. ბევრია უკრაინიდან ჩამოსული, არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც და ბავშვები, რომლებიც კომპლექსურ სარეაბილიტაციო მკურნალობას იტარებენ. რაც შეეხება ზრდასრულთა მიმართულებას, ამ მხრივ, თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი პაციენტის მატება შეინიშნება, ამას ორი მიზეზი განაპირობებს: ერთი ისაა, რომ ახალი კლინიკის მიმართ პაციენტებში ნდობაც უნდა გაჩნდეს და ცნობადობამაც უნდა მოიმატოს როგორც პაციენტებში, ასევე ცნობადობა უნდა გაიზარდოს სპეციალისტებში, ვინც უნდა გადმოამისამართოს პაციენტები სარეაბილიტაციოდ,“ - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.

ცნობისთვის, კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკა 2020 წელს გაიხსნა და ის საქართველოში 2 ფილიალითაა წარმოდგენილი - თბილისსა და ბათუმში. კლინიკა პაციენტებს ფიზიკურ და მენტალურ სარეაბილიტაციო მომსახურებებს სთავაზობს, რომელიც კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ მეთოდებს გულისხმობს.