მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA თუ არ დარჩა, შეიძლება, „ნამახვანჰესის“ პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს - თურნავა

61bb5d2213359
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 19:41
896
"ENKA თუ არ დარჩა, შეიძლება, „ნამახვანჰესის“ პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის და სახელმწიფო ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესშია, რომ თუ ENKA პროექტში არ დარჩება, სახელმწიფოსთან შეთახმებით დატოვოს პროექტი.

„არბიტრაჟში დავა დაწყებული არ არის. ჩვენ ENKA-სთან, ჯერჯერობით, მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით, რომლის შედეგად თუ დავუშვათ ინვესტორთან მათი დაბრუნების პირობებზე შევთანხმდებით, ან თუნდაც მათი გასვლა პროექტიდან იყოს ურთიერთშეთანხმებით და არ იყოს ისეთი პირობები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს პროექტს დაუკარგავს. დარწმუნებული ვართ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ ინვესტორთან და მეორე იმდაგვარად მოგვარდეს, რომ შემდეგ კვლავ გახსნილი იყოს განხორციელებისთვის.

ENKA თუ არ დარჩება პროექტში, მომავალში ეს პროექტი შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს, რაც ურიგო არ იქნება, იმ კითხვების გათვალისწინებით, რა კითხვებიც ჩნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება სრულად არ იყოს სახელმწიფო და სხვა ინვესტორიც მოვიყვანოთ, მაგრამ რაც მთავარია, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, რომ მსხვილ პროექტების განხორციელებისას მართლაც განსხვავებული მიდგომა და მთავრობის მხრიდან მეტი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.