მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე 4-ვე ქართველმა ჯილდო მოიპოვა”

5f6768f124b81
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.20 18:34
1588
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე 4-ვე ქართველმა ჯილდო მოიპოვა- ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი ზაზა გამეზარდაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, საქართველოზე უკეთესი შედეგი ოქროს მედლების რაოდენობით მხოლოდ 4-მა ქვეყანამ აჩვენა - ჩინეთი, აშშ, ირანი და რუსეთი.

ლექტორი წერს, რომ დროა სახელმწიფომ იზრუნოს პროგრამირების მასობრივ სწავლებაზე. მისივე თქმით, გამარჯვებულები შემდეგი სკოლებიდან არიან: კომაროვი, "მზიური" (ოთხივე მოსწავლე კომაროველია და პარალელურად "მზიურშიც" მეცადინეობს), რაზმაძის და ვეკუას სახელობის სკოლები.

“2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც 87 ქვეყნის 343 მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადა დისტანციურად ჩატარდა და მას ორგანიზება სინგაპურმა გაუწია. ჩვენზე მეტი ოქრო მხოლოდ ჩინეთმა (4), აშშ-მ (3), ირანმა (3) და რუსეთმა (3) აიღო. 2 ოქრო ჩვენს გარდა მოიპოვა იაპონიამ, კანადამ და კორეამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე თითო ქვეყნიდან მაქსიმუმ 4 მოსწავლე მონაწილეობს და სასიხარულოა, რომ მედალი ოთხივე ქართველმა მოსწავლემ დაისაკუთრა: ნიკა ბირკაძემ და თემურ თოლორაიამ ოქროები, არჩილ ბასაძიშვილმა - ვერცხლი, ხოლო ლუკა მუშკუდიანმა - ბრინჯაო.

დღეს აპელაციის დღეა და შეიძლება შედეგები მცირედით შეიცვალოს, თუმცა ამან მხოლოდ არჩილის შედეგზე შეიძლება მოახდინოს გავლენა, რომელიც ვერცხლის და ბრინჯაოს ზღვარზეა. საბოლოო შედეგები ოცდასამ სექტემბერს გამოქვეყნდება.

მსოფლიო ოლიმპიადებზე ინფორმატიკაში აღებული ოქროების რაოდენობამ 7-ს მიაღწია. აქედან 5 ბოლო 3 წელიწადში ავიღეთ. თუ დააკვირდებით, გაგვასწრეს მოსახლეობით ძალიან მრავალრიცხოვანმა ქვეყნებმა, სადაც ინფორმატიკა ასეულობით სკოლაში ისწავლება. ჩვენი შედეგი კი სულ 4 სასწავლებლის მუშაობის შედეგადაა მიღწეული. კომაროვი, "მზიური" (ოთხივე მოსწავლე კომაროველია და პარალელურად "მზიურშიც" მეცადინეობს), რაზმაძის და ვეკუას სახელობის სკოლები. ეტყობა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს ოლიმპიადები მხოლოდ შეჯიბრია და მეტი არაფერი. თუმცა სტატისტიკა სხვა რამეს ამტკიცებს. ინფორმატიკის ოლიმპიადებში აღზრდილი ახალგაზრდები დღეს მუშაობენ გუგლში, მაიკროსოფტში, ამაზონში და მსოფლიოს სხვა წამყვან კომპანიებში. ასეთები 50-ზე მეტია. აღარაფერს ვამბობ ქართულ კომპანიებზე, სადაც ათეულობით ჩვენი აღზრდილი პროგრამისტი მუშაობს.

ვფიქრობ, რომ დროა სახელმწიფომ იზრუნოს პროგრამირების მასობრივ სწავლებაზე.

დასასრულს, კი მინდა აღვნიშნო რომ წლევანდელი ოქრო ნიკა ბირკაძისთვის რიგით მესამეა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადებზე. ამ შედეგით იგი ყველა დროის 20 საუკეთესო მოსწავლეში შევიდა. მასზე მეტი ოქროს მედალი ინფორმატიკაში მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული”- წერს ზაზა გამეზარდაშვილი.