მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

62fddee3c8c11
BM.GE
18.08.22 11:37
1008
“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ” სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის შემსწავლელ პროგრამაზე მიღება გამოაცხადა.

ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სექტორში ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ICCA-მ სამშენებლო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და, ამავე დროს, დეფიციტური პროფესიის შემსწავლელი კურსი შექმნა, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდება.

„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს კერძო სექტორს ახალი კვალიფიციური კადრების გადამზადებაში, რაც რეალურად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველის შემსწავლელი პროგრამა ახალი და ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომელიც არსებულ და მომავალ ინჟინრებს დაეხმარება კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი პროფესიის დაუფლებაში“, - აღნიშნავს ნათია ვეფხვაძე, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი სასწავლო პროგრამა მოიცავს: ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების კონტროლის საფუძვლებს, ხარჯთაღრიცხვის პრინციპებს ბეტონის სამუშაოებში, საინჟინრო ქსელში, გზის მშენებლობაში, მიწის სამუშაოებში და ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. თეორიული სწავლება ჯამში 60 საათს მოიცავს. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია პრაქტიკული ნაწილიც, რომელიც 2 თვეს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული ნაწილი, თავის მხრივ, ორად იყოფა და ის მოიცავს როგორც პრაქტიკას (On Job Training) წინასწარ შერჩეულ კომპანიებში/სახელმწიფო ორგანიზაციებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით, ისე Capstone Project-ს, როდესაც მონაწილე შეასრულებს „რეალურ პროექტს“. საბოლოო ნამუშევარს კი შეაფასებს პრაქტიკული სწავლების ინსტრუქტორი.

პროექტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, მონაწილეთა ჯგუფი მას წარადგენს
ფინალურ ღონისძიებაზე.

ოქრო ჩხიკვაძე, პროგრამის ავტორი, სამშენებლო კომპანია „ანაგი“: “საქართველოში სამშენებლო განათლების მიღებისას, არსებითად, სტუდენტები არ გადიან აღნიშნულ სფეროს, რომელიც შეეხება ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, შესაბამისად სამშენებლო კურსის კურსდამთავრებულები ვერ ყალიბდებიან ხარჯთაღმრიცხველებად. საქართველოს კანონმდებლობით, სამშენებლო სფერო ძირითადად რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 და N55 დადგენილებებით, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ სფეროს არეგულირებს “სამშენებლო ნორმები და წესები” და როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს არ შედის უნივერსიტეტების სწავლების კურსში, ან თუ შედის ძალიან ზოგადი სახით. შესაბამისად, ეს პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ გავუზიაროთ და გავუღრმაოთ ცოდნა მასში ჩართულ ადამიანებს.

აღნიშნული კურსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მონაწილეებს ავუხსნათ და ვასწავლოთ თუ როგორ უნდა გამოიყენონ “სამშენებლო ნორმები და წესები” და სწორად მიუსადაგონ შესაბამისი განფასება. ამასთან, გამოიყენონ შესაბამისი კოეფიციენტები, რომ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა რეალურ ფასებთან იყოს შესაბამისობაში. კურსში შევეხებით მიწის სამუშაოებს, რკინაბეტონის და ლითონის კონსტრუქციებს, ასევე აგურის და ბლოკის კონსტრუქციებს, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციებსა და საგზაო მშენებლობას.

აღნიშნული კურსით, შესაძლებლობა მიეცემათ როგორც მშენებელ ორგანიზაციებს, ასევე მშენებლობის დამკვეთებს და შემმოწმებელ ექსპერტებს ხარჯთაღრიცხვის მიღება გაუმარტივდეთ. ეს კი ნიშნავს სამუშაოების სწრაფად შეთანხმებას, სამუშაო პროცესის დაჩქარებას და, ზოგადად, მშენებლობის პერიოდის შემცირებას, რაც დღეს საკმაოდ პრობლემატური თემაა, ვინაიდან მარტივი საკითხების შეთანხმებაზე, ხშირად, არასაჭირო დროის დიდი რესურსი იხარჯება.”

რაც შეეხება მონაწილეთა კრიტერიუმებს, პროექტის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია 21-დან 40 წლამდე ასაკის, ინჟინერიაში ბაკალავრის დიპლომის მქონე, პირები, რომლებიც, მინიმუმ საშუალო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ MS Excel-ის საბაზისო ცოდნა.

პროექტის ფარგლებში, სწავლა სრულად არის დაფინანსებული USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” მიერ.

ლექციები ოქტომბერში დაიწყება.
(R)