მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია სამშენებლო მიმართულებით კვალიფიკაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობს

636b5d8be447e
BM.GE
09.11.22 11:56
625
ICCA-ს ჩართულობით, სამშენებლო მიმართულებით ახალი კვალიფიკაციების შემუშავება მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ასოციაციის წევრების ჩართულობით, სხვა აქტიურ სამუშაოებთან ერთად, როგორებიცაა ფოკუს ჯგუფები, სამშენებლო პროფესიების რუკის შედგენის სამუშაოები და სხვა, გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განიხილებოდა ინდუსტრიის ისეთი მოთხოვნადი კვალიფიკაციები, როგორებიც არის „გათბობა, გაგრილება, კონდიცირების” და "მეყალიბე, მეარმატურე, მებეტონე.”

პროცესის ინიციატორია GIZ, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრეთვე, განათლებისა და სფეროს ექსპერტების ჩართულობით, ახორციელებს კვალიფიკაციების გადახედვისა და შემუშავების ახლადშექმნილი მეთოდოლოგიის პილოტირებას, სამშენებლო მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის დირექტორი, სფეროს ექსპერტი ვახტანგ ბალავაძე აღნიშნავს, რომ დღეს სამშენებლო სფერო თავისი განვითარებისა და ფორმირების მნიშვნელოვან ეტაპს გადის:

„იხვეწება და ხორციელდება ახალი სასწავლო პროგრამები, ხდება საკანონმდებლო მოთხოვნების სრულყოფა. სამშენებლო პროცესის ყველა ეტაპზე, განათლებული, მცოდნე სპეციალისტების ჩართულობა, საბოლოო პროდუქტის ხარისხის პირდაპირპროპორციულია. განსაკუთრებით, ეს უშუალოდ სამშენებლო პროცესებს ეხება. იმ პროცესებს, რომლებსაც დღეს ასრულებენ თვითნასწავლი და გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული ცოდნის მქონე ადამიანები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პროფესიული სასწავლო პროგრამების შემუშავება, რათა მომავალი მშენებლების, მეარმატურეს, მებეტონეს, კედლის წყობის სპეციალისტების და სხვათა მუშაობა დამყარებული იყოს არამხოლოდ უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე ათვისებულ პრაქტიკულ უნარებზე, არამედ თეორიულ ცოდნასა და სწავლებაზე. ეს განაპირობებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს, პასუხისმგებლობის ამაღლებას და, მათ შორის, საკანონმდებლო და ტექნიკური მოთხოვნების ცოდნას. აღნიშნულის განხორციელების შემდეგ გვეყოლება ისეთი ხელოსნები, მომუშავენი, რომლებიც საკუთარი შრომის და განსახორციელებელი სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებლები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ეს განაპირობებს არამხოლოდ სამშენებლო პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, ასევე თვით სამშენებლო პროცესების განხორციელების უსაფრთხოებას. ვინაიდან ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ მიეცემათ პროფესიული განათლების მიღების პროცესში, მოიცავს აგრეთვე იმ სტანდარტებისა და წესების სწავლებას, რისი შესრულება და დაცვაც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას.“

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ექსპერტის, მარიკა ზაქარეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში ცოდნა მუდმივად განახლებას საჭიროებს, განსაკუთრებულად ეს შეეხება პროფესიულ განათლებას:

“ვითარდება ტექნოლოგიები და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მაღალკვალფიციური ადამიანური კაპიტალი. შესაბამისად, GIZ-ის PSD TVET SC პროგრამის ფარგლებში ICCA-თან და უნარების სააგენტოსთან ერთად, ვიმუშავეთ მშენებლობის სფეროში ორი ახალი კვალიფიკაციის შექმნაზე. განათლების სისტემა, წლებია, კვალიფიკაციების შემუშავების მეთოდოლოგიას ხვეწავს და, ამ ეტაპზე, მთავარ სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ცალკეული კვალიფიკაციის ჩამოყალიბებამდე შეიქმნა მშენებლობის მიმართულებით რელევანტური პროფესიების რუკა, ერთობლივად ჩამოყალიბდა როგორც პროფესიის, ისე - განათლების სტანდარტი. ყველა აღნიშნული პროდუქტი უშუალოდ, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების მიერ არის შექმნილი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ახალი პროგრამების დანერგვაც კოლეჯების მიერ კომპანიების აქტიური ჩართულობით განხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მომზადებული კადრების ხარისხს.”

პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ასოციაციის წევრი კომპანიები. ICCA-მ წევრი კომპანიების თანამშრომლები, შესაბამისი სფეროს პროფესიონალები შეარჩია და მოიწვია კვალიფიკაციების შესაფასებლად და რეკომენდაციების გასაცემად. განსახილველად გამოტანილი დოკუმენტები მომზადდა შოთა ღორთლიშვილისა და ზურაბ მედულაშვილის მიერ - კომპანიიდან „ელემენტ ქონსთრაქშენი“.

“ელემენტ ქონსთრაქშენის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის, ნანა უბილავას თქმით, კომპანიისათვის ცხადია ის მნიშვნელობა, რომელიც კერძო სექტორის ჩართულობას უკავშირდება პროფესიულ საგანამნათლებლო პროცესებში: “სამშენებლო პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს GIZ-ის, პროფესიული უნარების სააგენტოსა და ICCA-ის ჩართულობით, აქტიური მონაწილეობა მიიღო ჰოლდინგმა „ელემენტ კონსტრაქშენი“.

ჰოლდინგი აცნობიერებს საკუთარ როლს, როგორც სექტორი წარმომადგენლის, სამშენებლო სფეროს პროფესიული პროგრამების შექმნისა და დახვეწის პროცესში. “ელემენტ კონსტრაქშენის“ თანამშრომლები, ექსპერტების სახით, ჩართულნი არიან ორი კვალიფიკაციის „გათბობა, გაგრილება, კონდიცირების” და "მეყალიბე, მეარმატურე, მებეტონე” პროფესიული სტანდარტებისჩამოყალიბებაში. მუშაობის პროცესმა ნათლად წარმოაჩინა პროფესიული განათლების ხარისხის გაუჯობესებისა და განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის, პროფესიულ განათლებასა და შრომის ბაზარს შორის კავშირის გაძლიერების აუცილებლობა. აღნიშნული ინიციატივა არის შრომის ბაზრის მოთამაშეთა აქტიური ერთობლივი მუშაობის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროს განვითარებას, სამშენებლო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას.”

სტანდარტების განხილვას წინ უძღოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ფოკუს ჯგუფი.
აღნიშნული ორი პროფესიული სტანდარტი უახლოეს მომავალში დამტკიცდება.
(NS)