მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ“ ახალი წევრი კომპანიების პრეზენტაცია გამართა

634fd1a324298
BM.GE
19.10.22 14:28
890
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ „ლოპოტა სპა რეზორტში“ შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ასოციაციაში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწევრიანებული კომპანიების პრეზენტაცია შედგა. ასოციაცია ასეთი ტიპის შეხვედრებს პერიოდულად მართავს და პანდემიის შემდეგ ეს იყო პირველი ამ ტიპის შეხვედრა.

აღნიშნული კომპანიების მიმართულებები განსხვავებული და მრავალფეროვანია და, ამასთან, ყველა მათგანი სამშენებლო ინდუსტრიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეს კომპანიებია:

„ატლას კორპ ჯორჯია“, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2013 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პრემიუმ კლასის საბურღი დაზგების, კომპრესორების, გენერატორებისა და მათი სათადარიგო და ცვეთადი მასალების იმპორტი და რეალიზაცია საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. პირველ ეტაპზე, ბაზარზე მოღვაწეობა უმსხვილესი შვედური კომპანიის – ატლას კოპკოს ერთ-ერთი მიმართულების დილერობით, კერძოდ, სამშენებლო-სამთამადნო ტექნიკის დივიზიით დაიწყო კომპანიამ, რომელიც, დღესდღეობით, Epiroc-ის სახელითაა წარმოდგენილი. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, კომპანიას დაემატა სხვადასხვა მძლავრი ბრენდები.

“ჯითისი ჯგუფი”, რომელიც 2010 წლიდან საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო ფანერას, კოჭს, დგარს, ხარაჩოს, ყალიბებს, სხვადასხვა დანიშნულების სამშენებლო მასალებს და აქსესუარებს. ამასთან, საყალიბე მასალების წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული ბრენდის Doka – ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია CIC ჯგუფი (ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს), რომელიც ბაზარზეა 1999 წლიდან. CIC Group გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, ევროპული სტილის მენეჯმენტით, შესაბამისი ხარისხის სტანდარტით და მაღალკვალიფიციური კადრებით. კომპანია ფლობს ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015. 2014 წელს, CIC GROUP დასახელდა როგორც APM TERMINAL-ის ყველაზე უსაფრთხო კონტრაქტორი. CIC GROUP გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და ტექნოლოგიებით პროექტებში.

კომპანია „ციტადელი“, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: დისტრიბუცია, საცალო, კორპორატიული და ონლაინ გაყიდვები და, ამასთან, მათთან თანამშრომლობით შესაძლებელია პროდუქციის როგორც ყიდვა, ასევე იჯარა და ისეთი მომსახურების მიღება, როგორიც არის კოშკურა ამწეების, საყალიბე და ხარაჩოების სისტემების, სამგზავრო-სატვირთო ლიფტებისა და კალათების მონტაჟი, დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება. „ციტადელში“ წარმოდგენილია ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ყველა მასალა.

კომპანია „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, რომელიც წარმოადგენს A ტიპის ინსპექტირების ორგანოს, რომელიც აკრედიტირებულია სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო, აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ სსტ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და აღიარებულია EA (ევროპული აკრედიტაციის) გენერალური ასამბლეის მიერ. კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის, დიდი გამოცდილებისა და პროფესიული ხარისხის მქონე აკრედიტებული და მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტებით.

კომპანია "ბიმ კუბის" წარსდგა ასევე აუდიტორიის წინაშე, როგორც ასოციაციის ახალი წევრი. კომპანიის მისიაა, შენობა-ნაგებობების პროექტირება, სრული სამშენებლო პროცესის მართვა, სამშენებლო მენეჯმენტი და კონსალტინგი, ინოვაციური ტექნოლოგია BIM-ის გამოყენებით განხორციელდეს. კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-ტექნოლოგიის პიონერად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან „ბიმ კუბი“ არის პირველი კომპანია ქართულ „აიმ“ ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს. მომხმარებელი კომპანიისაგან იღებს მულტიფუნქციურ საპროექტო მომსახურებას.

ასოციაციას შემოუერთდა ასევე ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC). კლასტერი აერთიანებს მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს სამშენებლო სექტორში – ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიაში.GCMC დაფუძნებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ (შემდგომ C4D) ფარგლებში, რომელსაც GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს).

ასოციაციის ღონისძიებაზე ასევე შედგა კომპანია York Holding Group-ის პრეზენტაცია, რომელიც დაარსდა საქართველოში და გაითქვა სახელი მშენებლობის, განვითარების, არქიტექტურისა და უძრავი ქონებით ვაჭრობის სექტორებში. ამ ეტაპზე კომპანიის რამდენიმე მსხვილი სამშენებლო პროექტი აქტიურად ხორციელდება თბილისში, ტაბახმელაში, ბაზალეთსა და ბათუმში.

„დიკა 2010“-ს, რომლის მთავარი მიმართულებაა მშენებლობა, რეაბილიტაცია და რემონტი, ასევე წარსდგა პრეზენტაციით აუდიტორიის წინაშე, პორტფოლიოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, როგორც მშენებლობის, ისე რეაბილიტაციის მხრივ. ამჟამად დიდ დიღომში აწარმოებს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას, რომელიც ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

„აისი კომპანი“ ასოციაციას მიმდინარე წელს შემოუერთდა. ის წარმოადგენს ICHolding-ის შვილობილ კომპანიას. მის საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა და პროექტირება წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულს სპექტრს მოიცავს. მის მიერ განხორციელებული პროექტები, დანიშნულების მიხედვით, მრავალფეროვანია: ღვინის ქარხნები, მშრალი საწყობები, ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სამაცივრე მეურნეობები და დატა ცენტრები.

კიდევ ერთი ახალი წევრი, რომლის პრეზენტაციაც ღონისძიებაზე შედგა, “როუდ ქონსთრაქშენია“. კომპანია ასრულებს დაკვეთებს სხვადასხვა მიმართულებით:

საგზაო სამშენებლო სამუშაოები, საავტომობილო გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ლითონის ზღუდარების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, საინჟინრო ქსელების გაყვანა, მათ შორის, საკანალიზაციო-სანიაღვრე ქსელების და სამელიორაციო არხების მოწყობა, გარე განათების ქსელის მოწყობა, საზოგადოებრივი პარკების და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურება, საპროექტო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის საინჟინრო ქსელების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა, დღის პირველ ნაწილში, ვიდეო პრეზენტაციები და პანელური დისკუსია შედგა, ამასთან, საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განიხილეს ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები და ჩამოყალიბდნენ ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე.

ხოლო მეორე ნაწილი განკუთვნილი იყო არაფორმალურ გარემოში საკომუნიკაციოდ.

შეხვედრის ოქროს სპონსორს კომპანია „ელიტ მოტორსი“, ხოლო ვერცხლის სპონსორებს „თიბისი“, „თიბისი ლიზინგი“ და „ევროპქარი“ წარმოადგენდნენ.



NS