მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინსპექცია გააძლიერებს ზედმხედველობას, რომ მედიცინის მუშაკებმა ჩრდილოვან სექტორში არ გადაინაცვლონ - ბარკალაია

637b5ef4e7701
ინგა მურუსიძე
21.11.22 17:02
451
2023 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ სტაციონარში მომუშავე ექიმებს და ექთნებს ანაზღაურება მინიმალური ხელფასის ზღვარის გათვალისწინებით გადაუხადონ. კერძოდ, იანვრიდან მინიმალური ხელფასი ექიმებისთვის საათში 7 ლარი იქნება, ხოლო ექთნებისთვის - 4.4 ლარი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ კლინიკებმა მოძებნონ არაკანონიერი გამოსავალი და დასაქმებულთა ნაწილმა არაფორმალურ სექტორში გადაინაცვლოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია შემდეგნაირად პასუხობს: „ბუნებრივია ნებისმიერ რეფორმას და განსაკუთრებით შრომის რეფორმას, მოჰყვება თავისი რისკები. როცა რეგულაციებს შემოიღებ, ამ რეგულაციებს მიღმა ალტერნატიული გზების მოძიების შესაძლებლობები არსებობს და შესაბამისად, არის რისკი, რომ ამის გამოყენება მოხდეს, მაგალითად არაფორმალურ სექტორში თანამშრომლების გადაყვანა. სწორედ ამიტომ არსებობს შრომის ინსპექცია ქვეყანაში და სწორედ ამიტომ იქნება ეს უწყება ჩართული აქტიურად. ის გააძლიერებს ზედამხედველობას, რომ ის რისკი, რომელიც შესაძლებელია გაჩნდეს, იყოს განეიტრალებული“.

მინისტრის მოადგილის თქმით, შრომის ინსპექციას აქვს სხვადასხვა ტიპის მექანიზმი, რომელიც ამოქმედდება ამა თუ იმ ტიპის დარღვევისას.

„მექანიზმები სხვადასხვაა, არის ჯარიმები და სხვადასხვა თანხაა გათვალისწინებული. არის სამუშაოს შეჩერების მექანიზმიც. ჯანდაცვის მიმართულებითაც არსებობს გაწერილი ის საჯარიმო სანქციები და მექანიზმი, რომელიც შრომის ინსპექციისთვის იქნება იმისთვის, რომ ზედამხედველობა მოახდინოს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება გაზრდილ ხარჯებს, თამარ ბარკალაიას თქმით, მინიმალურ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კლინიკებს შესაძლებელია ჰქონდეთ გაზრდილი დანახარჯები, რომელიც უკვე ასახულია DRG-მეთოდში.

„მსჯელობა იმაზე, რომ დაფინანსება არასაკმარისია და მინიმალური ხელფასი არ უნდა არსებობდეს, განსახილველიც კი არ არის“, - ამბობს ბარკალაია.