მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უფასო ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე-კონსულტანტის დასაქმებას დირექტორი განმარტავს

61e6e023bab3a
ინგა მურუსიძე
18.01.22 19:55
1519
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორ ზვიად ქარჩავას მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იყო, 6 მოლარე-ოპერატორის საჭიროება მაინც არსებობდა, რადგან დასაქმებულები ვიზიტორებს კონსულტაციებს უწევდნენ.

საქმე ის არის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, თუმცა ბაღში შესვლა უფასო იყო და სალაროები არ ფუნქციონირებდა. 

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორს BM.ge ესაუბრა და ზვიად ქარჩავა შეეცადა აეხსნა, რატომ ჰყავდა 6 მოლარე-კონსულტანტი ბაღს, სადაც შესვლა უფასო იყო.

"ჩვენ გვყავდა დასაქმებული არა მოლარეები, არამედ მოლარე-კონსულტანტები და გარდა იმისა, რომ მათ უნდა აეღოთ თანხები ბაღში შესვლისთვის, ასევე ევალებოდათ კონსულტაციების გაწევა ვიზიტორთათვის. საქმე ის არის, რომ 2019 წლის ნოემბერში დასრულდა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და დეკემბერში გავიხსენით. 2020 წლის დასაწყისში ბაღში შემოსვლა იყო უფასო, თებერვლის ბოლოდან კი გადაწყდა, რომ ბაღი ყოფილიყო ფასიანი, რის გამოც სამსახურში ავიყვანეთ მოლარე-ოპერატორები, ბაღს აქვს ორი შესავლელი, ამიტომ დაგვჭირდა 6 მოლარე-კონსულტანტი. ფასიანმა ბაღმა იმუშავა, შემდეგ გამოცხადდა "ლოქდაუნი", რის გამოც ბაღი ჩაიკეტა.

"ლოქდაუნის" დროს თანამშრომლები გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა გახსნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტები არ იყვნენ და არც ბოტანიკურ ბაღში გვყავდა ბევრი ვიზიტორი, ადგილობრივი მოსახლეობა რომ არ შეგვეზღუდა, გადაწყდა, რომ ბაღი ყოფილიყო უფასო და მოლარე-კონსულტანტებს დაევალათ ეპიდვითარების კონტროლი, თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების კონტროლი და ა.შ. როგორც კი ამ მოლარე-კონსულტანტებს 2020 წლის ბოლოს გაუვიდათ ხელშეკრულებების ვადები, მათთვის ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელებია. ესეც რომ არ ყოფილიყო, პანდემიის და "ლოქდაუნის" დროს ადამიანებს სამსახურიდან ვერ გავუშვებდი. თუ ბოტანიკური ბაღი კვლავ ფასიანი გახდება, მოლარე-კონსულტანტებს კვლავ ავიყვანთ სამსახურში;

მე ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს და შესაძლოა, 1-ელი თებერვლიდან ასეც იყოს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რაც შეეხება ამ ადამიანების ხელფასებს, თანხა აუდიტის დასკვნაში ერთიანად ჩანდა, თორე მათი ხელფასი 500 ლარია“, - განაცხადა ზვიად ქარჩავამ.