მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტერკო თრეველმა" ეგვიპტურ "ეარ კაიროს" სასამართლოში უჩივლა - განცხადება

5e43074e09593
BM.GE
11.02.20 23:49
1107
“ინტერკო თრეველმა” ეგვიპტურ “ეარ კაიროს” სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გაცნობოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ:

ა.წ. 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო “ინტერკო თრეველი“-ს სარჩელი ეგვიპტური ავიაკომპანიის წინააღმდეგ. საქმე ეხება „ეარ კაიროს“ მხრიდან უკანონო ქმედებებით გამოწვეულ ზიანს, რომელიც შესაძლოა შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს.

გარდა ამისა, „ინტერკო თრეველი“-ს მიმართ, ხელოვნურად გაკოტრების მიზნით შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში წარდგენილია საჩივარი.

მოგეხსენებათ, 2014 წელს „ინტერკო თრეველ ჯგუფი“ გახდა ეგვიპტური ავიაკომპანია „ეარ კაირო“-ს გენერალური კომერციული წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც რეგულარული ფრენებით ოპერირებდა ორ ქვეყანას შორის.

„ინტერკო თრეველ ჯგუფმა“ ამ ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაში წლების განმავლობაში უდიდესი რესურსი და მატერიალური ინვესტიცია ჩადო. ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვასრულებდით ნაკისრ ვალდებულებებს „ეარ კაირო“-სა და მათი მგზავრების მიმართ, თუმცა, სანაცვლოდ მივიღეთ უსამართლო დამოკიდებულება ავიაკომპანიისგან, რომლის კომერციულ ინტერესებს ვიცავდით და რომელსაც პარტნიორად ვთვლიდით წლების მანძილზე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის მიერ წარმოებულმა მტრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენა. ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულმა უკანონო ქმედებებმა განსაკუთრებით თავი იჩინა ბოლო ექვსი თვის პერიოდში, როდესაც ავიაკომპანია გადავიდა შანტაჟზე, არ გვაძლევდა ოპერირების საშუალებას, არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და უარს უცხადებდა მომსახურების გაწევაზე მგზავრებისათვის.

ბუნებრივია, ჩვენ სასამართლოს ვაცნობეთ არამხოლოდ ეს გარემოებები, არამედ მიმდინარე წლის 19 იანვარს განვითარებული მოვლენების შესახებაც, როდესაც „ეარ კაირო“-მ არ მიიღო მგზავრები, რის გამოც „ინტერკო თრეველი“ იძულებული გახდა თავისი დამატებითი ხარჯით უზრუნველეყო ალტერნატიული ავიაკომპანიის ბორტით მგზავრთა გადაყვანა თბილისიდან შარმ ელ შეიხის მიმართულებით. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩაგვაყენა ავიაკომპანიამ ა.წ. 26 იანვარს, როცა ჩვენს კომპანიაზე დამატებითი ზეწოლის მიზნით დაგვემუქრა ჩვენი მგზავრების შარმ ელ შეიხის აეროპორტში დატოვებით და შანტაჟის გზით გამოგვძალა ფულადი თანხა.

საბოლოოდ, „ეარ კაირო“-მ კონტრაქტის უხეში დარღვევით ცალმხრივად გააუქმა ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ დანიშნა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული კომპანია თავის წარმომადგენლად საქართველოში, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი კომპანიის რეპუტაცია და მოგვაყენა ზიანი.
„ინტერკო თრეველი“ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა წინ აღუდგეს მის მიმართ ჩადენილ არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას.
იმედი გვაქვს სამართლიანობა აღდგება”, - წერია განცხადებაში.

Bm.ge მეორე მხარესაც დაუკავშირდება და სურვილის შემთხვევაში მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.