მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ორნამენტებით სახლის აქსესუარებს ვქმნით" - "იგრიკას" გეგმები

6363b8d8e8228
თინათინ ნატმელაძე
04.11.22 09:34
810
"იგრიკა" უკვე სამი წელია, რაც ქართული ორნამენტებით შექმნილ ტექსტილის აქსესუარებს აწარმოებს, სტარტაპის ამოქმედების მთავარი იდეა მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე დიზაინში გაცოცხლება იყო, - ამის შესახებ "იგრიკას" თანადამფუძნებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

დალაქიშვილის ცნობით, აქსესუარების წარმოება თავდაპირველად ჰობის დონეზე დაიწყეს, შემდეგ კი, დიდმა დაინტერესებამ და დადებითმა უკუკავშირმა მისი ბიზნესად ქცევა გადააწყვეტინათ.

"ამჟამად ჩვენს პროდუქციას როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც აქტიურად ყიდულობენ. ძირითადად სახლის აქსესუარებს ვქმნით და უკვე არსებული ქართული ისტორიული ორნამენტები საკუთარი ხელით გადაგვაქვს მაგიდის სუფრებზე, ბალიშებზე, ჩანთებზე და ა.შ.", - აცხადებს გრიგოლ დალაქიშვილი.

"იგრიკას" პროდუქცია ამჟამად სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ფესტივალებზე რეალიზდება, კოვიდპანდემიამ კი საწარმოს დახურვა და სახელოსნოს სახლში გადატანა აიძულათ, თუმცა, როგორც მისი თანადამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, უახლოეს თვეებში მაღაზია-სახელოსნოს გახსნას, პროდუქციის საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში განთავსებას და დამატებითი კადრების დასაქმებასაც გეგმავენ.

ტექსტილის აქსესუარების შექმნის პროცესში ბევრი სირთულე არსებობს, პირველ რიგში ის, რომ საჭირო პროდუქციის ძირითადი ნაწილი საქართველოში არ იშოვება და სტარტაპერებს მისი იმპორტირება უწევთ, იმ მასალის ფასი კი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, საგრძნობლად გაიზარდა.

"შექმნის დღიდან მთავარი გამოწვევა მასალის მოძიება იყო, რადგან მაგალითად ტილოს ხარისხიანი მასალა თითქმის არ იშოვება ქართულ ბაზარზე, ასევე, არ არის ტექსტილის საღებავი და ის მასალა, რომლისგანაც საბეჭდავს ვამზადებთ, ამიტომ ამ ყველაფრის იმპორტირება გვიწევს. ნაჭერს და მსგავს პროდუქციას საქართველოში ვყიდულობთ, თუმცა, მათი ფასი საგრძნობლად გაიზარდა და ესეც ერთ-ერთი დამატებითი პრობლემაა", - ამბობს გრიგოლ თავართქილაძე.

რაც შეეხება ინვესტიციას, "იგრიკას" თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ რადგან თავდაპირველად პროდუქციის წარმოება ჰობის დონეზე დაიწყეს და ბიზნესის წარმოებაზე ეტაპობრივად გადავიდნენ, "იგრიკა" საკუთარი თავის ინვესტორი იყო, მსხვილი თანხის ინვესტირებას კი მაღაზიისა და სახელოსნოს გახსნის პროცესში გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის ორნამენტებით შექმნილი პროდუქცია თითქმის ყველა საფასო სეგმენტზეა გათვლილი და მისი ფასი 45-500 ლარს შორის მერყეობს.