13.სექტემბერი .2019 14:17

ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 79%-ს აქვს

views 244
უკან

ინტერნეტი საქართველოს მოსახლეობის 79%-ს აქვს,-ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი.

საქსტატის ინფორმაციით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 79.3 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.

საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 5.1 პროცენტული პუნქტით და 69.9 პროცენტს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-ში და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 89.8 და 88.4 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 62.0 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 44.7 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 79.0 და 69.3 პროცენტი შეადგინა.