მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტზე წვდომა სოფლების განვითარების წინაპირობაა - მინისტრი

609e51fb94b3e
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 14:52
722
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელს ისეთივე სახის ინფრასტრუქტურა ჰქონდეს, როგორიც ქალაქებშია. ამის შესახებ მან გურიაში, სოფელ ბახვში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროექტის საშუალებით მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომას ნახევარ მლნ-მდე სოფლად მცხოვრები შეძლებს.

„მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა ჩვენი სოფლების განვითარების წინაპირობაა, ამიტომ მთავრობამ 2021-2025 წლებში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი წამოიწყო, რომელიც მოიცავს 1 000-მდე დასახლებულ პუნქტს სრულიად საქართველოში, იმ სოფლებს, რომლებიც ურბანულ ცენტრებთან დაცილებულია და ჯერ კიდევ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ეს არის 0.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ვინც ოპტიკურ-ბოჭკოვან ფართოზოლოვან ინფრასტრუქტურაზე წვდომას მიიღებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა პროექტის განხორციელების მიზნებიც ჩამოთვალა:

"საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:

ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, რაც ჩვენი ახალგაზრდების განათლებისთვის მნიშვნელოვანია - ზემო ბახვის სკოლის ბავშვები პირველები მიიღებენ მაღალხარისხიან ინტერნტს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა აქ მცხოვრებს ჰქონდეს წვდომა სახელმწიფო სერვისებზე.

ეს მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელადაც. ჩვენ ვავითარებთ ტურიზმს, მცირე საოჯახო სასტუმროებისთვის კი ინტერნეტთან წვდომა გლობალურ ქსელში ჩართვისთვის აუცილებელია. 

ასევე ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული IT სერვისები და ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და აქ დასახლებული ახალგაზრდებიც ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტის არსებობით“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე მოეწყო 140 კმ-იანი ქსელი, რომლითაც 49 დასახლებული პუნქტი დაიფარა და 29 000 ადამიანისთვის ინტერნეტი ხელმისაწდომი გახდა.

ცნობისთვის: საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.

თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს.