მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტიცია მოვიძიეთ, თუმცა შაორზე 10 მოცურავე კოტეჯის მშენებლობას ვერ ვიწყებთ“ – Shaori Chalet

643790a412149
თინათინ ნატმელაძე
13.04.23 09:00
3923
შაორის ტბაზე მოცურავე კოტეჯმა, Shaori Chalet, გაფართოებისთვის საჭირო ფინანსები, კერძოდ, 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, უკვე მოიძია, თუმცა პროექტის განხორციელებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დამფუძნებელმა, ვახტანგ იაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შაორის ტბაზე ლიცენზიის მქონე კომპანიას ნებართვა 2025 წლამდე აქვს, ვადის გაგრძელებას კი ამ ეტაპზე არ ჩქარობს, რაც ინვესტორს პროექტში თანხის ჩადების პროცესს ურთულებს.

BM.GE აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შაორის ტბაზე ლიცენზია მართლაც მხოლოდ ერთ კომპანია, „შპს შაორის ტბა“-ზე, 2025 წლამდეა გაცემული.

ასევე, როგორც ბიზნეს რეესტრის ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, აღნიშნული კომპანიის 80%-იან წილს „შპს აკვაკულტურა საქართველო ფლობს“, რომლის 100%-ის მფლობელიც პაატა მოდებაძეა.

კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ ლიცენზიანტი კომპანია უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას არ ჩქარობს, ვახტანგ იაშვილი გვპასუხობს, რომ მისი აზრით, კომპანია სამინისტროს განაცხადს 2025 წელს წარუდგენს, რაც, ცხადია, რომ Shaori Chalet-ის გაფართოების პროექტს შეაფერხებს.

„ეს არის სუფთა ბიზნესური მიდგომა, მათთვის ბევრად მომგებიანია, რომ განაცხადი ორი წლის შემდეგ შეიტანონ, თანაც ამ ეტაპზე შაორი ცხელი წერტილია, სადაც საკმაოდ ბევრი, ფართო პროექტის განხორციელება იგეგმება, ამიტომ ცდილობენ, რომ ეს პროექტები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს.

ჩვენ 10 მცურავ კოტეჯთან ერთად გასართობი სივრცეების, კაფე-ბარის, რესტორნის და კიდევ მრავალი სერვისის შეთავაზებას ვგეგმავთ და მე ვფიქრობ, რომ რაჭაში მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, ეს მსოფლიო რუკაზე ამ კუთხის ხილვადობას უფრო გაზრდის და საერთაშორისო ტურისტებს მოიზიდავს“, - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ Shaori Chalet-ის პირველი კოტეჯი დამფუძნებლებმა სრულად პირადი ინვესტიციით შექმნეს, თანხა 50 000 ლარს შეადგენდა და პირველ სეზონზე სრული დატვირთვითაც იმუშავეს, სწორედ ამან გადააწყვეტინათ, რომ გაფართოებას აზრი ნამდვილად ექნებოდა, თანაც ერთი კოტეჯით ბიზნესის ოპერირების დროს ხარჯი ბევრად მეტი იყო, ვიდრე შემოსავალი.