მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირები?

6322fc8a198b1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.22 10:01
903
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა. ბერლინში, ქვეყნის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ დამატებითი ძალისხმევის მიმართვის მზადყოფნა გამოთქვეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის და შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთან, მხარეები 2023 წელს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას მიესალმნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

როგორია ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანა - გერმანიასთან სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობები, ასევე, რა მოცულობის ინვესტიცია შემოდის გერმანიიდან საქართველოში წლიურად - ამ კითხვებზე პასუხს BM.GE ოფიციალური სტატისტიკაზე დაყრდნობით წარმოადგენს:

ინვესტიციები

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 36.1 მლნ დოლარის გერმანული ინვესტიცია განხორციელდა, რაც თითქმის პანდემიურ 2020 წელს განხორციელებული ინვესტიციის ტოლი იყო. 2022 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან შემოსული FDI-ს მოცულობამ 18 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გერმანია ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულშია.

სავაჭრო ბრუნვა

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, გერმანიას საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში 3.5%-იანი წილით მერვე ადგილი უკავია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ კი ამ პერიოდში 355.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია.

სავაჭრო ბრუნვის უდიდესი ნაწილი 319 მლნ დოლარი, იმპორტზე მოდის და გერმანია 4.5 წილით უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში მეშვიდე ადგილზეა. აღსანიშნია, რომ გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 26.2%-ით მეტი თანხა გავიდა.

გასული წლის იანვარ-ივლისში გერმანიაში შეძენილი TOP-10 საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 67.7 მლნ დოლარი;
2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 23.8 მლნ დოლარი, 497 ტონა;
3. სატვირთო ავტომობილები - 13.9 მლნ დოლარი;
4. ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ტურბინები - 11.4 მლნ დოლარი, 3 ტონა;
5. საფრენი აპარატები - 9.5 მლნ დოლარი, 2 ტონა;
6. ტრაქტორი და უნაგირები - 8.2 მლნ დოლარი;
7. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 6.8 მლნ დოლარი, 1 735 ტონა;
8. ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები - 5.1 მლნ დოლარი, 376 ტონა;
9. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 4.6 მლნ დოლარი, 35 ტონა;
10. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოების და მოწყობილობები - 4.5 მლნ დოლარი, 64 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო-გერმანიას შორის ვაჭრობაში მას 10%-იანი წილი უკავია. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ქვეყანამ გერმანიაში საქონლის რეალიზებით ჯამში 35.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აღსანიშნია ისიც, რომ წელს ექსპორტი გერმანიის მიმართულებით გასული წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 24.8%-ით გაიზარდა.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. თხილი და სხვა კაკალი - 10.4 მლნ დოლარი, 2 013 ტონა;
2. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 2.6 მლნ დოლარი;
3. გამხმარი ნაყოფები - 2.5 მლნ დოლარი, 665 ტონა;
4. შერეული საქონელი - 2.3 მლნ დოლარი;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.2 მლნ დოლარი, 494 ტონა;
6. მსუბუქი ავტომობილები - 1.5 მლნ დოლარი;
7. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 1.3 მლნ დოლარი, 399 ტონა;
8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1.3 მლნ დოლარი, 1 ტონა;
9. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1 მლნ დოლარი, 1 071 ტონა;
10. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 860 ათასი დოლარი, 180 ტონა.


ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განახლებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გერმანიიდან ჯამში 30 433 ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 168.3%-ით, 2020 წლის მაჩვენებელს 291%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის 8 თვეს 46%-ით ჩამორჩება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ წელს იანვარ-აგვისტოს მონაცემებით გერმანიიდან ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 54%-ით აღდგა. ამ მონაცემებით, გერმანიამ, 8 თვეში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით საქართველოს TOP-15 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.