მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირები რიცხვებში?

647ee479331d3
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.23 12:18
705
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდნენ - ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ 5 ივნისს დღის მეორე ნახევარში გაავრცელეს.

უწყებების მიერ გავრცელებულ პრესრელიზებში აღნიშნული იყო, რომ შეხვედრებზე ყურადღება ქვეყნებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გამახვილდა და საუბარი ისეთი საკითხებს შეეხო, როგორიცაა ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობები, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა. ამასთან, შეხვედრისას აღინიშნა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 6 ივნისს თბილისში საქართველო-თურქმენეთის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

როგორია საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური ურთიერთობა, რით ვვაჭრობთ ამ ქვეყანასთან, რა ინვესტიციები შემოდის და როგორია თურქმენ ვიზიტორთა მაჩვენებლები - BM.GE ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნების ეკონომიკური კავშირებს რიცხვებში წარმოგიდგენთ:

ინვესტიციები

წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში თურქმენული ინვესტიციების მოცულობა მინიმალური და უმნიშვნელოა. მაგალითისთვის, 2021 წელს თურქმენეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ სულ რაღაც 1 მილიონ 136 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2022 წელს ამ ქვეყნიდან ეკონომიკაში სულ 762 ათასი დოლარი ჩაიდო.

სავაჭრო ბრუნვა

მიმდინარე წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 61.8%-ით 23 მილიონ 364 ათას დოლარამდე შემცირდა.

მთლიან ვაჭრობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია, რომელიც გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. საქართველომ თურქმენეთში ამ პერიოდში 3.4 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

1. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 844 ათასი დოლარი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 737 ათასი დოლარი;
3. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 358 ათასი დოლარი;
4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 297 ათასი დოლარი;
5. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 159 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, თურქმენეთიდან საქონლის შეძენას მთლიან ვაჭრობაში ძირითადი ადგილი უკავია, ჯამში საქართველოდან საქონლის შესაძენად 19.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 66.4%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნების ბრუნვა სწორედ იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა.

რას ვყიდულობთ თურქმენეთში - იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17.5 მლნ დოლარი;
2. აზოტოვანი სასუქები - 591 ათასი დოლარი;
3. სატვირთო ავტომობილები - 427 ათასი დოლარი;
4. ტომრები და შესაფუთი პაკეტები - 278 ათასი დოლარი;
5. სხვა მოცურავე საშუალებები - 260 ათასი დოლარი;

ტურიზმი

ტურიზმის მხრივ საქართველო თურქმენეთიდან როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის შემდეგაც არც თუ მრავალრიცხოვან ვიზიტორთა ნაკადს მასპინძლობდა. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თურქმენეთიდან 2 361 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელს მხოლოდ 3.2%-ით ჩამორჩება. გასულ წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა 546.8%-ით გაიზარდა.