მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების ნაწილში ყველაზე დიდი გამოწვევა გეოპოლიტიკურია - ხიდურელი

62a1f4ab1aea1
მარიამ ვარადაშვილი
09.06.22 21:44
980

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის მთავარ ხელშემშლელ მიზეზად გეოპოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. როგორც მან “საქმის კურსში” განაცხადა, სააგენტოს ერთ-ერთი პროექტის “გადაიღე საქართველოში” განხორციელების პროცესში ომის საკითხი ასევე პრობლემური იყო. 

“ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპზე გეოპოლიტიკურია, როცა გვაქვს რუსეთის მხრიდან აგრესია მეორე ქვეყნის მიმართ, რაც რეგიონში ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ამის სააგენტოს ან მთავრობის დონეზე უცებ გადაჭრა ძალიან რთულია. მეორე გამოწვევაა სამუშაო ძალა. სამუშაო ძალა არა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით, არამედ მაგალითად, მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში ძალიან რთულია უცებ კადრების პოვნა. ზუსტად ამიტომ გვაქვს პროგრამები, რომლებიც ამ სუსტ მხარეს აბალანსებს. ასეთია FDI გრანტი, სადაც ინვესტორს დახარჯული თანხის 10%-ს ვუბრუნებთ, რაც შეუძლია თანამშრომელთა ტრენინგებზე დახარჯოს”, - აცხადებს ხიდურელი. 

მისივე თქმით, ამ კომპონენტს ჯერჯერობით ბენეფიციარი არ ჰყავს, თუმცა ერთ-ერთ ლოჯისტიკურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რისი დამოუკიდებლობის საკითხიც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში მათ სასამართლოს საკითხი არ წამოუყენებიათ. 

“მეც მსმენია, რომ საქართველოში რომელიმე ინვესტორს დაეფიქსირებინოს პოზიცია, თუმცა ამ შემთხვევას რომ ჩაეძიები, დროში იწელება. რაც შევისწავლეთ, იმის მიხედვით ხშირად იყო ინვესტორის მხრიდან კანონდარღვევა, რასაც რეაგირება მოჰყვა. ძირითად გამოწვევებად ინვესტორები სამუშაო ძალასა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებენ. ჰოლივუდის საკითხს რომ შევეხო, თითქმის ბოლომდე გვქონდა მიყვანილი მოლაპარაკებები საქართველოში გადაღებაზე, თუმცა სამწუხაროდ, ომის გამო ეს პროცესი გაიყინა”,-განაცხადა ხიდურელმა.