მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებს ფინანსურად მძიმედ აწვება ტარიფი, რაც ახლა მოქმედებს - "ავერსის კლინიკა"

6257130f3c785
ალა ისპირიანი
13.04.22 22:35
1416
"ავერსის კლინიკის" დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის თქმით, ტარიფები, რომლებიც ახლა მუშაობს, კლინიკებს ფინანსურად მძიმედ აწვება.

ჯორბენაძე გადაცემა Forbes Health-ში განმარტავს, რომ ახალი ტარიფებით, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მხოლოდ იმ საწოლებს უფინანსებს, რომლებსაც პაციენტები იკავებენ, თუმცა გაცილებით მეტი საწოლია მობილიზებული.

„ტარიფიკაციის პროცესი ახლა დაიწყო და დაველოდოთ რა შედეგები დაიდება და რას შემოგვთავაზებენ. ამ მომენტში რა ტარიფიც მუშაობს, ეს ფინანსურად მძიმედ აწვება კლინიკებს. ადრინდელი მეთოდი იყო ასეთი, რომ რა საწოლსაც ქირაობდა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკისგან, მასზე პერდიემით, ყოველდღიურ თანხას იხდიდა.

დღეს მაგალითად 20 საწოლი გვაქვს გამოყოფილი და ეს საწოლები სრული შემადგენლობით არის მობილიზებული. ამ 20 საწოლისთვის განკუთვნილ პერსონალს სრულად ვუხდით ანაზღაურებას, ასევე არის მთელი რიგი რეგულაციები და მოთხოვნები. თუმცა ჩვენ ანაზღაურებას მხოლოდ იმ პაციენტზე მივიღებთ, ვინც კლინიკაშია განთავსებული. თუ ხუთი პაციენტია განთავსებული, მხოლოდ ამ ხუთი პაციენტისთვის გამოყოფილი თანხა ცხადია არ არის საკმარისი იმ პერსონალისთვის და ხარჯებისთვის, რაც 20 საწოლზე აქვს კლინიკას დახარჯული.

უფრო კონკრეტულად, საწოლფონდები დარჩა, ამასთან ფიქსირებული ხარჯები, რაც ამ საწოლზე არის გასაღები, მათ შორის პერსონალის ხელფასებიც უცვლელი დარჩა, ხოლო დაფინანსებას ვიღებთ მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც დატვირთულია. ეს საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯია, ამიტომ ტარიფიკაციის პროცესს მოუთმენლად ველოდებით", - განაცხადა მან.