მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორები ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის აღდგენას ითხოვენ

60b2239b779a9
თელარა გელანტია
29.05.21 15:23
2399
კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების (PPA) მექანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ენერგეტიკის სექტორი აღნიშნულ საკითხს მთავრობასთან აქტიურად განიხილავს. „გაუქმებული PPA აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ყველანაირი პირობის გარეშე, რადგან მასი გაუქმება უფრო შეამცირებს და ძირს დასცემს ენერგეტიკაში ინვესტიციებს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

რა არის PPA მექანიზმი და როდის გაუქმდა ის?

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში და გარკვეულ ფასად, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. კომპანია კი თავის მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ PPA-ზე მორატორიუმი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ორ პროექტზე - კორომხეთი ჰესსა და ნამახვანის ჰესების კასკადზე.

რატომ უნდა აღდგეს PPA მექანიზმი?

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად IMF-ის რეკომენდაციისა, მთავრობამ PPA მექანიზმი უნდა აღადგინოს. მისივე აზრით, ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების (2020 წელი - $6 მლნ) ერთ-ერთი მიზეზი, სხვა გამოწვევებთან ერთად, მათ შორის სწორედ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე გამოცხადებული მორატორიუმია.

„ფერი“ ქართული კომპანიაა, ჩვენ სხვა საქმის კეთება არც ვიცით, ამიტომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ბოლომდე ვიხარჯებით, რომ ენერგეტიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, მაგრამ როგორ უნდა მოვაწონოთ თავი უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და ხედავენ, რომ ჰესების მოწინააღმდეგე ჯგუფები ხან ტექნიკას უწვავენ ინვესტორს, ხან პოლიციის მანქანას უკიდებენ ცეცხლს, ხანაც თოფს ესვრიან ინვესტორს... აუცილებელია, სისტემური მიდგომა - პირველ რიგში, საჭიროა, მოსახლეობა თავად ესაუბროს ინვესტორებს, რადგან ე.წ. გარემოსდაცვით ორგანიზაციებს პროცესი ყოველთვის ჩიხში შეჰყავთ და მოლაპარაკება მათ ინტერესებში არ შედის; მეორე - ვფიქრობთ, მექანიზმებზე, რათა მოსახლეობამ უფრო ხელშესახები სარგებელი მიიღოს ჰესების აშენებთ. მართალია, ვიხდით გადასახადებს, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში შედის, მაგრამ ეს მაინც არაა მათთვის ხელშესახები. ამიტომ სახელმწიფოსთან ერთად, გვინდა, მოვიფიქროთ რაღაც ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ ადგილობრივებს კიდევ უფრო მეტი შეხვდეს იქიდან, საიდანაც კომპანიები, ინვესტორები სარგებელს ნახულობენ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოსთან და მესამე -ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ აუცილებლად აღდგეს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მექანიზმი“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი, რომელსაც bm.ge-მ უშუალოდ ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- PPA მექანიზმის აღდგენაზე რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას? თუ ესაუბრებით ამ თემაზე აქტიურად?

- არის უწყება, რომელიც ძალიან გვიჭერს მხარს, ვგულისხმობ ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა არის უწყება, რომელიც მაქსიმალურად „ჭიდაობს“ ფისკალური რისკების გამო - ესაა ფინანსთა სამინისტრო.

- ფინანსათა სამინისტროს პოზიციაც გასაგებია - როგორც ჩანს, ის ხედავს ფისკალურ რისკებს... IMF-ის რეკომენდაციაც ხომ ეს იყო?!

- გასაგებია, მაგრამ თუ მაინც გვიწევს ელექტროენერგიის იმპორტი, რატომ მიზღუდავ PPA-ს? ფაქტია, ბოლო წლებში საქართველო თავისი რესურსით ენერგომოხმარებას აკმაყოფილებს მხოლოდ მაისსა და ივნისში, დანარჩენი თვეები კი ადგილი აქვს ელექტროენერგიის იმპორტს ან თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვიყენებთ ან ორივეს ერთად. ამდენად, თუ წლიურად ელექტროენერგიის იმპორტში მილიონობით დოლარი ისედაც გადის ქვეყნიდან, არ სჯობს აღადგინონ PPA? მე ხომ გადასახადებსაც გადავიხდი ბიუჯეტში, როცა მეტი ახალი ჰესი აშენდება?! ვფიქრობ, აუცილებლად უნდა განაახლონ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები...

- როგორ ფიქრობთ, გადადგამს მთავრობა მსგავს ნაბიჯს? თან IMF-თან ახალი პროგრამის დასაწყებად ემზადება, რომელსაც როგორც წესი, ახალი ვალდებულები და დათქმები მოჰყვება...

- საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც შეიძლება ამის ახსნა...

- ვინ უნდა აუხსნას?

- რა თქმა უნდა, მთავრობამ და იმედია, უხსნიან. თუ ჩვენ ჩაგვრთავენ, პირობას ვდებთ, აუცილებლად ავუხსნით.

- არის კიდევ ერთი საკითხი - PPA მექანიზმის აღდგენა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან წინააღმდეგობაში არ მოვა? აზრი ხომ არ ეკარგება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას ანუ როგორ უნდა მოხდეს PPA-ს მქონე ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ბაზარზე ინტეგრირება?

- დღესაც ხომ არსებობს PPA-მემორანდუმით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც თავის ვალდებულებას ასრულებენ ესკოსთან და ესკოც, შესაბამისად, უნაზღაურებს შეძენილი დენის ფასს. ეს ჰესებიც ხომ ვალდებულები იქნებიან, ივაჭრონ ენერგეტიკულ ბირჟაზე, როდესაც ის ამოქმედდება. როგორ მოხდება ეს? – ვთქვათ, მე მაქვს გაფორმებული 5-ცენტიანი PPA 10 წლით; გავიდა 3 წელი და დამრჩა 7 წელი. ამასობაში ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა და ბაზარზე ელექტროენერგია გავყიდე 4.5 ცენტად; ასეთ შემთხვევაში 5 ცენტსა და 4.5 ცენტს შორის სხვაობას ამინაზღუარებს ესკო. რატომ არ შეიძლება იგივე პრინციპი გავრცელდეს ახალ PPP-მემორანდუმით აშენებულ ჰესებზე?! ასე ავაშენეთ, მაგალითად, ლარსის და შილდის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა მემორანდუმებს რამდენიმე წელიწადში ეწურება ვადა და შემდეგ უკვე სახელმწიფოს არ ექნება არანაიარი ვალდებულება. ინვესტორისთვის PPA ხელშეკრულებების მომხიბვლელობა მდგომარეობს გარანტირებულ შესყიდვაში, რომ მცირედი მოგებით, უსაფრთხოდ ამოიღოს თავისი ინვესტიცია.

- ანუ მთავრობას ეუბნებით, რომ რადგან პროტესტის თუ სხვა მიზეზის გამო ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები ტემპში ვერ შენდება და გაზრდილ მოხმარებას ქვეყანა ისედაც იმპორტით აბალანსებს, PPA-მექანიზმის აღდგენით მაინც დაგეხმარონ ინვესტორებს, რომ სექტორში მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლოთ?

- აუცილებლად... იმპორტის ფასზე გაგვასწორონ...

- რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურების მხარდამჭერ ახალ მექანიზმს, რომლის მიხედვით, 5 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ახალი ჰესები სახელმწიფოსგან, გარკვეული პირობით, ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. როგორ ფიქრობთ, ეს არ იქნება ქმედითი?

- როგორც უკვე აღვნიშნე, „ფერი“ ქართული კომპანიაა და ჩვენ ავყვებით იმ წესებს, რაც დადგინდება ბაზარზე, მაგრამ ასევე „ვიჩხუბებთ“ ყოველთვის, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემო იყოს უფრო მიმზიდველი. რაც შეეხება ამ ახალი მექანიზმის გამოყენებას, 2-3 ჰიდროელექტროსადგურის პროექტზე, ჯამში, 50 მეგავატამდე მოთხოვნა გავგზავნეთ და მემორანდუმის გაფორმების სტადიაში ვართ. ვნახოთ, რა გამოვა. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ჰესების აშენების შემთხვევაში, გაჭირდება, რადგან კომპანიებს დასჭირდებათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარება, ისინი კი, მყარ გარანტიებს ითხოვენ.