მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორების მიმართ გაასმაგებული ყურადღება უნდა იყოს“ - გიორგი ჯახუტაშვილი

62f75a5a35ea2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 13:52
958
ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალთან ერთად საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირების კვლევის შედეგების მიხედვით ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნული დოკუმენტი გაერთიანებამ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს წარუდგინა. რეკომენდაციები ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არის შედგენილი. გაერთიანების საინვესტიციო მიმართულებით წარმოდგენილ მიგნებებში ნათქვამია, რომ ყაზახეთიდან განხორციელებული ინვესტიციებიდან 10-ზე მეტია შემთხვევა, რომელიც მხარეთა დაუდევრობის გამო წარუმატებელ საქმიანობად გადაიქცა და დავის რეჟიმშია გადასული; ასევე გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში აკუმულირებული ყაზახური ბიზნესის წარმომადგენლების ჯამური კმაყოფილება საქართველოს საინვესტიციო გარემოთი არადამაკმაყოფილებლად ხასიათდება.

აღნიშნულ საკითხებზე ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ და ყაზახეთის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში ისაუბრა და განაცხადა, რომ ინვესტორების ნეგატიური დამოკიდებულება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აზიანებს.

„ბევრი პოტენციური ინვესტორისგან კონკრეტული ქეისების მაგალითზე მაქვს მოსმენილი მათი ფრთხილი დამოკიდებულება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშრებით. ჩვენს რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ეს არსებული დავები რიგ შემთხვევაში ყაზახური მხარიდან იყო გამოწვეული. კერძო სექტორშია არსებულ დავებზეა საუბარი, რომელიც საგამოძიებო სტრუქტურებში და სასამართლოებშია გადასული, ინტენსიური სახე აქვს მიღებული და რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია.

იმ გაჭიანურებულ დავებსა და უკმაყოფილებაზე, რომელიც აქ დაგროვდა, არავინ იტყვის, რომ ამაში თავად (ინვესტორი) არის დამნაშავე, თუმცა სანაცნობო წრეში იტყვიან, რომ პროცესი გაჭიანურებულია და საქართველოში ბიზნესის კეთება რთულია. ეს რა თქმა უნდა, ახალ ინვესტორებს აფრთხობს. ამ პროცესში გაერთიანების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვცდილობთ, აღნიშნული ინფორმაციის ნიველირება მოხდეს ახალ ინვესტორებთანაც. ჩვენ ინდივიდუალურადაც, მე თავად წარმოვადგენ საინვესტიციო კომპანიას კერძო და კომერციული საქმიანობით და ყაზახეთინდა ათეულობით მილიონი დოლარი გვაქვს მოზიდული. გვაქვს საკმაოდ წარმატებული შემთხვევები, თუმცა გვაქვს გაჭიანურებული პროცესებიც, რომელთან დაკავშირებითაც კომუნიკაცია მიდის და შეძლებისდაგვარად გარკვეულ დროში, თუმცა ამ საკითხების გადაწყვეტას ვახერხებთ“, - ამბობს გიორგი ჯახუტაშვილი.

გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტორების მიმართ ყურადღება უნდა გაასმაგდეს.

„ყაზახეთიდან გაცილებით მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას ვხედავთ. არ ვამბობთ, რომ ყაზახი ინვესტორების ინტერესები უპირობოდ უნდა იყოს დაცული, ჩვენ ვითხოვთ, რომ ყურადღება იყოს გაასმაგებული და კონცენტრირებული და არა მხოლოდ ყაზახი ინვესტორების მიმართ.

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში შუა აზიიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 94% ყაზახეთზე მოდის. 2006 წლიდან ქვეყანაში დაახლოებით 300 მლნ დოლარის ნაშთია. რა თქმა უნდა ეს პროცესი 2008 წლის ომმა და 2009 წლის კრიზისმა შეაფერხა, თუმცა დაღმასვლის შემდეგ კერძო ინვესტიციების ჭრილში ძალიან მცირე თუმცა პოზიტიური დინამიკაა ყაზახეთიდან. ამ დინამიკას ხელისუფლების ყველა დონეზე უნდა გავუფრთხილდეთ, აღმასრულებელი იქნება ეს თუ საკანონმდებლო. ყველა მხარეს უნდა ვთხოვთ, რომ ყურადღება მიაქციონ ყაზახურ კაპიტალს და ყაზახურ ბიზნესს, რამეთუ ამან თუ გადინების ტენდენცია შეიძინა, ამის გაჩერება საკმაოდ რთული იქნება. ამაზე მოფრთხილების და ქვეყნიდან გაშვებული პოზიტიური საინვესტიციო კლიმატის შემდეგ ყაზახური ინვესტიციების გაორმაგებას და გასამმაგებას უნდა ველოდოთ. და თუ დღეს ნაშთი 300 მლნ დოლარია, ერთი ინდივიდუალური ყაზახი ინვესტორისგან 30-40 მლნ დოლარის საინვესტიციო პორტფელის შექმნა საქართველოში არაფერია“, - განმარტა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ.