მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებისთვის ჩვენი რეიტინგი კარგი სიგნალია“ - ევა ბოჭორიშვილი Fitch-ის შეფასებაზე

60279b789592a
ინგა მურუსიძე
13.02.21 14:20
731
გავლენიანმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. გარდა ამისა, Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით. უახლეს ანგარიშში სააგენტო 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილების საფუძველს ვერ ხედავს. “ქართული ოცნების” ხელახალი არჩევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, გვიქმნის მოლოდინს, რომ მომავალშიც არსებული ეკონომიკური პოლიტიკა შენარჩუნდება და მიუხედავად მაღალი პოლიტიკური დაძაბულობისა, რაც ძირითადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო ბოიკოტში მდგომარეობს, ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება განხორციელდეს", - წერია Fitch-ის დოკუმენტში.

სარეიტინგო კომპანიის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას bm.ge-ისთან Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი აფასებს. ევა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ BB რეიტინგის შენარჩუნება ინვესტორებისთვის კარგი სიგნალია.

„ამ რეიტინგში საქართველოს ძირითადი სიძლიერე არის კატეგორია, სადაც კარგად ფასდება როგორია ჩვენი მმართველობითი სისტემა და ბიზნეს-გარემო, ასევე, მთავრობის და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკა. ანგარიშში ცალსახად წერია, რომ პოლიტიკა გონივრული და თანმიმდევრულია. ჩვენი რეიტინგის სუსტი მხარე კი ის არის, რომ ვალის მოცულობა მაღალია, თან ვალდებულებები უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული - ეს მთავრობას ეხება. გარდა ამისა, ნეგატიური აუთლუქი რასაც ქვია, არის ის, რომ ტურიზმის შემცირების გამო ეკონომიკამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო. Fitch ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,3% იქნება, 2021-ში კი - 5,8%. ზოგადად, ინვესტორებისთვის ჩვენი რეიტინგი კარგი სიგნალია“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

რაც შეეხება პროგნოზს იმის თაობაზე თუ რამდენადაა მოსლოდნელი ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაურესება,
ანალიტიკოსის აზრით, ვინაიდან მთავრობამ 1 თებერვლიდან ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა დაიწყო, ხოლო წლის მეორე ნახევარში ტურიზმი, სავარაუდოდ, აღდგენას დაიწყებს, „რეიტინგები არ უნდა გაუარესდეს". 

"წელს უკეთესი მოლოდინები გვაქვს, ვიდრე 2020 წელს გვქონდა. ის რისკები, რაც ეკონომიკას აქვს, უკვშირდება პანდემიას და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ერთ-ერთი პოზიტიური ფაქტორი არის ის, რომ დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომლის თანახმად, წელს მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ესეც ერთ-ერთი პოზიტიური სიგნალია“, - აღნიშნავს ევა ბოჭორიშვილი.

ამასთან, Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სუვერენული რეიტინგისთვის სხვა ძირითად რისკ-ფაქტორებს შორის გამოყო გამოყო ვალის დონე, რაც Fitch-ის ანგარიშშიც არის აღნიშნული.

„ეს რისკია და მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან, ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს, როგორც ეს Fitch-ის ანგარიშში წერია და თავის მხრივ, სამთავრობო პროგრამაშიცაა გაწერილი, რომ ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესება, ვალის დონის და დეფიციტის შემცირება იქნება მთავარი საზრუნავი პანდემიის გადავლის შემდეგ წლებში“, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.