მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებმა, რომლებმაც ჰესები ვერ ააშენეს, შესაძლოა PPA ტარიფები დაკარგონ

63885aa201b41
შოთა ტყეშელაშვილი
01.12.22 18:56
812

საქართველოს მთავრობას ახალი ჰესების ათობით ინვესტორთან აქვს გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულებები წარმოადენენ სახელმწიფო გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში ინვესტორი 7 ან 10 წლის განმავლობაში მიიღებს წინასწარ დადგენილი ტარიფის გასამრჯელოს. ეს თანხა პირობითად ერთ კილოვატ საათ ენერგიაზე შეიძლება იყოს 7 ან 8 ცენტი.

თუმცა, საქართველოს მთავრობა არსებული PPA ხელშეკრულებების გადახედვას გეგმავს იმ ჰესებისთვის, რომლებიც ამ დრომდე ვერ აშენდა. აღნიშნულის შესახებ საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში. მისი მიხედვით, ჰესებზე, რომლებიც ამ დრომდე ვერ აშენდა, PPA ხელშეკრულებები შეიძლება CFD ტარიფებით შეიცვალოს.

“დროთა განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის ბაზარმა მხოლოდ FiP-ების საფუძველზე დაიწყოს მუშაობა, თუმცა ეს სავარაუდოდ შეუძლებელია, სანამ ბაზარს არ ექნება საკმარისი გამოცდილება. მანამდე კი მოსალოდნელია:

• ახალი PPA-ების ნაცვლად გაიცეს CfD-ები;

•არსებული PPA-ები, რომლებსაც ჯერ არ განუხორციელებელია ინვესტიცია გენერაციის ახალ წყაროებში, გაუქმდება ან ჩანაცვლდება CfD-ებით;

• არსებული PPA-ები, რომლებიც ამ ეტაპზე ოპერირებენ, გაგრძელდება მათი ვადის ამოწურვამდე,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნოემბერში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ბიზნესასოციაციასთან გამართულ შეხვედაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინვესტორებს აძლევს 4-თვიან ვადას განაახლონ ენერგოპროექტების მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ამ პროექტების უკან დაბრუნებას განიხილავს.