მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებს მეტი ხელშეწყობა უნდათ, მეტი სტიმულია საჭირო - ინტერვიუ ოსმან თურანთან

60f14d6ab8562
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.21 13:20
742
1.5 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა და 108 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2020 წელს - ამ მაჩვენებლებით თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. თუმცა პანდემიის პერიოდში მხარეებმა ამ მაჩვენებლების გაზრდა დაისახეს მიზნად და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს პრემიერისა და თურქეთის პრეზიდენტის 1 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების საკითხიც განიხილეს.

გვაქვს თუ არა თურქეთთან ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების რესურსი და როგორ შეიძლება აითვისოს საქართველომ თურქეთთან ურთიერთობებში სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი - ამ და სხვა კითხვებით BMG-მ საქართველო-თურქეთის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელს ოსმან თურანს მიმართა.

- პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი მნიშნელოვნად შეცვალა და კერძო სექტორზე დიდი გავლენა მოახდინა. რამდენად შეიცვალა თურქი ინვესტორების ქცევა და ინტერესები ამ პერიოდში?

პანდემიამ ქცევის და ბიზნესის კეთების წესები ყველგან შეცვალა. არ მგონია, ამის შემდეგ ყველაფერი ისევ პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ბიზნესის კეთებაში მიდგომები უნდა შეიცვალოს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ონლაინ მუშაობის გააქტიურებაა, პანდემიამ ეს შესაძლებელი გახადა. არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობა მათზე ცუდად არ ასახულა, მაგრამ მე არ მჯერა. კრიზისი კრიზისია. ზოგი ამბობს, რომ აქედან უნდა იხეიროს, თუმცა ამის არ მჯერა, რადგან მსოფლიოში და კონკრეტულად თურქეთსა და საქართველოში ეკონომიკა ისე ვერ ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს.

- საქართველოსა და თურქეთს შორის ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კავშირებია და "თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში" ერთ-ერთი დიდი გაერთიანებაა, რომელიც თურქი ინვესტორების ინტერესებს წარმოადგენს. რამდენად ინტერესდებიან თურქი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებით პანდემიურ პირობებში?

ჩვენი ასოციაცია ერთ-ერთი დიდი გაერთიანებაა, რომელშიც 100-ზე მეტი წევრია გაერთიანებული. პანდემიამდე პერიოდში საქართველოში უფრო კორპორაციული კომპანიები მოდიოდნენ, ხოლო პანდემიის დროს საზღვრების გახსნის შემდეგ, მიმოსვლა ვაჭრობით დაინტერესებულმა პირებმა დაიწყეს. ამ ყველაფერმა ტრანსფორმაცია განიცადა, ახლა უშუალოდ საქმის სპეციალისტები და კორპორაციები მოდიან, რაც ძალიან კარგია.

პანდემიის პერიოდში გარკევული ხარვეზები მაგალითად ვაჭრობის სფეროში იყო. თურქეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორია და გატანაზე გარკვეული შეზღუდვები იყო. ამასთან, თურქეთს წარმოებაში პრობლემები შეექმნა და ის რაოდენობა ვეღარ აწარმოა, რაც ექსპორტს სჭირდებოდა. ამ ყველაფერმა საქართველოზე იმოქმედა და პროდუქტები დაგვიანებით შემოდიოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს თემა მტკივნეული იყო, ყველაზე მძიმე ეპიდ. ვითარების დროსაც კი ლოგისტიკა მუშაობდა. ამიტომ ჩვენი წევრები, რომლებიც ტურიზმში საქმიანობენ, მათ უფრო მეტად განიცადეს ეს ამბავი.

- ძირითადად რომელი სექტორებით ინტერესდებიან თურქი ინვესტორები საქართველოში ინვესტირებისას და თუ შეიცვალა მიდგომები პანდემიის შემდეგ?

თურქეთისთვის ტურიზმის სფერო ძალიან აქტუალური იყო როგორც აჭარაში, ასევე თბილისში ინვესტირების კუთხით. ახლა რა იქნება ჯერ არ ვიცით, ველოდებით როგორი მდგომარეობა იქნება; სოფლის მეურნეობა და პროდუქტების წარმოება; სამშენებლო სექტორი თურქეთისთვის ყოველთვის აქტუალური იყო და ალბათ ახლაც ასე იქნება.

თურქეთიდან საქართველოში ინვესტირების მიმართ ინტერესი დიდი იყო და ის არ შეცვლილა. უბრალოდ პანდემიის დროს შემოსვლის პრობლემა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა და ეს ჩვენი წევრებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა იყო. თუმცა კარგი ამბებიც გვაქვს საქართველოში კონკრეტულად კი მცხეთასთან ახლოს, სულ მალე, ავეჯის საწარმო გაიხსნება. თურქი ინვესტორები წარმოშობით საქართველოდან არიან და ავეჯს დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში აწარმოებდნენ, რომელიც როგორც ევროპაში, ასევე საქართველოშიც იყიდებოდა. მათ საწარმოო ხაზის გამართვა საქართველოში გადაწყვიტეს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ავეჯს საქართველოდან ევროპულ ქვეყნებში გაიტანენ.

მე არატრადიციულ ინვესტიციებს ვაფასებ. ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები იყო და დღეისთვის ნატახტარში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა უკვე მოქმედებს, რომელიც ლუდის წარმოების ნარჩენებს ამუშავებს და პროდუქცია ექსპორტზე გააქვს.

- საქართველოში ბიზნესის წამოწყების მსურველი ინვესტორები თუ უკვე მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლები ძალიან ხშირად სირთულეებზე საუბრობენ. რა გამოწვევები აქვთ დღეს საქართველოში თურქული ინვესტიციებით დაფუძნებულ კომპანიებს? წლების განმავლობაში მოხერხდა თუ არა მათი გადაწყვეტა და რომელი გამოწვევები დგას დღესაც დღის წესრიგში?

საქართველოში ბიზნესის დაწყება, რომ ძალიან მარტივია, ეს რეიტინგებითაც მტკიცდება და ამას ჩვენც ყველა შესაძლო პლატფორმაზე ვაღიარებთ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მოქმედ ბიზნესებში ბუნებრივი პრობლემებიცაა - გაჭიანურებული სასამართლო პროცესები ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს, სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით დაგვიანებულ გადაწყვეტილებებზე ჩვენს ასოციაციაში წევრების მხრიდან საჩივრები შემოდის.

- ხშირად აჟღერებთ ხოლმე ასოციაციის დონეზე არსებულ პრობლემებს. რამდენად გისმენთ მთავრობა და რამდენად ითვალისწინებს თქვენს რჩევებს, როგორია თქვენი აღქმა ამ მიმართულებით?

ზოგადად მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა ბიზნესასოციაციებს არ აქვთ; არაერთი პლატფორმა არსებობს, სადაც ჩვენი თხოვნებისა თუ მოთხოვნების გაჟღერება შეგვიძლია, ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან.

- კომუნიკაცია შეიძლება იყოს, თუმცა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ფერხდებოდეს, თუნდაც თქვენ მიერ ხსენებული სასამართლო და მშენებლობის ნებართვების მიმართულებით არსებული გამოწვევები... წლების განმავლობაში იცვლება თუ არა სურათი და მიღწევები თუ გაქვთ?

 პროგრესი არის, მაგრამ პრობლემას რომ წერტილი დაესვას - არა. გამოწვევები კვლავ აქტუალური რჩება.

- სად ხედავთ გადაწყვეტის გზებს?

მეტი ხელის შეწყობა და მეტი დაინტერესება, რადგან თურქეთი მეზობელი ქვეყანაა და მისი ინვესტიცია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთს საქართველოში სხვადასხვა წარმოების ამოქმედების კუთხით ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, შესაბამისად ეს რესურსი კარგად უნდა გამოვიყენოთ.

- ინვესტიციებზე და ახალ პროექტებზე საუბრისას რთულია გვერდია ავუაროთ „ნამახვანჰესის“ საკითხს. მიმდინარე მოვლენებიდან და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც ვეცნობით და ვაკვირდებით... თქვენ რომ იყოთ ახალი ინვესტორი, ჩადებდით თუ არა დღეს საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებს?

როცა ეკონომიკა იზრდება, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება. საქართველოს ეკონომიკის ზრდის გეგმები ასეთია და ბუნებრივია, რომ ქვეყანამ ენერგოპროექტების განხორციელების თადარიგი უნდა დაიჭიროს, მით უმეტეს, როდესაც ამის რესურსი გააჩნია. ამ რესურსის გამოყენება ქვეყნის მომავლისთვის ძალიან კარგია.პოლიტიკურ ჭრილში კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რესურსი გამოყენებული უნდა იქნას.

საქართველოში ერთ-ერთი ვარ, რომელიც 90-იანი წლებში ტელეკომუნიკაციებში ყოფნის დროს ანალოგიურ საკითხებს ხშირად ვაწყდებოდი, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ხალხისთვის სწორი და კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდებაა. ამის ნაკლებობას ვხედავ მე აქ… 

- თუ მოქმედებს თურქი ინვესტორების კეთილგანწყობაზე მსგავსი ტიპის, გაჭიანურებული პროექტები?

როდესაც საპროტესტო აქციები და გამოსვლებია, რაც უნდა იყოს მათი შინაარსი, შორიდან ეს ძალიან ცუდად აღიქმება. მით უმეტეს, როდესაც თურქეთსაც ეხება ეს საკითხი, უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალს. რა თქმა უნდა, მოვლენები, რომლებიც აქ ვითარდება, ინვესტორებზე ნეგატიურად აისახება.

კომუნიკაციებში ჩემი მუშაობის პერიოდი უნდა გავიხსენო, როდესაც, ქვეყანაში 3G შემოდიოდა, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდი. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით რეგიონში, ვინც ეს სისტემა საქართველოში გააკეთა, შესაბამისად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამის რესურსი და ხალხის მზაობა არის. მსოფლიოში 5G-ზე გადასვლის საპილოტე პროექტები უკვე დაწყებულია და მჯერა რომ მთავრობიდან, მარეგულირებლიდან, კომპანიებიდან მზაობა არის და შესაბამისად, საქართველო ამ პროცესებში ერთ-ერთი პირველი იქნება.

- ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში რა უნდა გააკეთოს სახელწმიფომ იმისთვის, რომ ამ პერიოდში ინვესტორები მოიზიდოს?

დღეს საკმაოდ კარგი პროგრამები არსებობს, ერთი შეხედვით “აწარმოე საქართველოს” თავისი დადებითი მხარეები აქვს, რომლის პრეზენტაციებსაც ჩვენც ვაკეთებთ, მაგრამ რაღაც მომენტებში, როდესაც დიდ ინვესტიციებზეა საუბარი, საკმარისი არ არის ხოლმე. ჩვენ მოდელს არ ვუჩივივართ, მაგრამ ინვესტორებს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდათ, რომ მეტი სტიმული ჰქონდეთ, თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადასახადებიდან გათავისუფლების მხრივ.

- საქართველოს პრემიერის თურქეთის პრეზიდენტთან ვიზიტისას მხარეებმა გააცხადეს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მლრდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. ისიც ცხადია, რომ თუქეთიდან იმპორტი, საქართველოდან ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. სად ხედავთ თქვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის რესურსს და რის ხარჯზე შეიძლება დაბალანსდეს ექსპორტ-იმპორტის დისბალანსი? რა შეიძლება შევთავაზოთ თურქულ ბაზარს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ძალიან დადებითი და აუცილებელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში პანდემიის გამო მსგავსი სახის ვიზიტები შემცირებული იყო. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ვიზუალურადაც უმაღლეს დონეზე იყო და შინაარსობრივადაც კარგი თემები განიხილებოდა. პრემიერის ვიზიტიდან ერთ კვირაში საქართველოში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვიდა კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ. საუბარი სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხებოდა. ჩემი პასუხიც ეს არის, რომ სავაჭრო ბრუნვის გაზრდის რესურსი სოფლის მეურნეობის დარგშია.

ხორცის წარმოებაზეა საუბარი. საქართველო უნდა მოემზადოს ამისთვის და თურქეთმა საქართველოს გარკვეული დახმარება უნდა აღმოუჩინოს, ვეტერინარული დახმარება იქნება ეს, სტანდარტების შემუშავება თუ სხვა საკითხები. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთი აქედან გარკვეული პროდუქტების ყიდვისა და გატანისთვის მზად არის.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ასეთი წარმოებების რესურსი არ აქვს, მწარმოებლებიც არ არიან. ვაჭრობაში დისბალანსიც ამიტომ იზრდება. ვფიქრობ, რომ გამოსავალი თურქ ინვესტორებშია, რადგან მათ ქვეყანაში არამხოლოდ ფული, არამედ გამოცდილება, კადრები, მზა რეალიზაციის ბაზარი შემოაქვთ, რაც პროცესებს აჩქარებს.

როდესაც თურქეთზე და ექსპორტზე ვსაუბრობთ, თურქეთი ძალიან დიდი ბაზარია, 84 მლნ მოსახლით. საქართველოს და ადგილობრივ წარმოებას, რომ ვუყურებთ, მასშტაბები ძალიან პატარაა. თურქეთში რომელიმე პროდუქტის გატანაზე, რომ დაიწყოს საუბარი ძალიან დიდი მასშტაბია საჭირო, რაც საქართველოში დღეს არ არსებობს და არც ამის გამოცდილება არსებობს. შესაბამისად, ამიტომ ვიძახი, რომ ისევ და ისევ იქიდან გამოცდილი ინვესტორი, თავისი ტექნოლოგიებით, ნოუჰაუთი და კადრებით მოდის აქ და ამ პროცესს აჩქარებს.

- ინტერესდებიან თურქი ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით?

როდესაც შეხვედრები სამთავრობო დონეზე იმართება, ძალიან დიდი აქტივობები იწყება ხოლმე. რა გამოვა არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამ აქტივობებიდან დადებით შედეგებს მივიღებთ.

- მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა შემუშავდა. რამდენად იყავით ჩართული ამ პროცესში და თუ იყო ინიციატივა და კომუნიკაცია, რომ კერძო სექტორიდან მოესმინათ გარკვეული საკითხები და რეკომენდაციები?

ჩვენს ასოციაციას ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მასმედიიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე გვქონდა მოლოდინები და ასოციაციის წევრებსაც უფრო დეტალურად აინტერესებდათ - რას მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმა.

- საუბრის დროს თქვენ ახსენეთ, რომ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ასოციაციებს აქვთ, თუმცა ხომ არ არის კომუნიკაციის სიმცირე, რადგან გარკვეულ ინფორმაციას მასმედიიდან იღებთ? ამასთან, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო ახლა 9-წლიანი, მმართველობის შემდეგ 10-წლიანი გეგმის წარდგენა?

ზოგადად, გეგმა და მიზნები გაწერილი რომ არის, მივესალმები. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და იმის თქმა, რომ აქამდე უნდა გაეკეთებინათ... ახლა თუ გვექნება გეგმა, ეს ძალიან კარგი იქნება.

- მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი იქნება ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ცვლილებები მუდმივად შევა. რა რეკომენდაციები გექნებათ თქვენ, როგორც საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელს?

რეკომენდაციები სასურველია დარგობრივად განვიხილოთ, თუმცა ზოგადად გეტყვით, რომ ინვესტიციებისთვის ხელისშეწყობა მნიშვნელოვანია. თურქეთთან მიმართებით ინვესტორებისთვის გადასახადების შემცირება შესაძლოა მეტი სტიმული იყოს, ასევე “აწარმოე საქართველოს” პროგრამების უფრო გაფართოება, რადგან ესეც ფინანსებთან არის დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, ბიზნესებს ხელს შეუწყობს.