მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი, რომელიც დავობს, “TBC PLC”-ის მხოლოდ $5,000-ის 334 ცალ აქციას ფლობს

62d93cd29a439
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.22 15:46
3971
2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლებრივ დავას გეგმავდა.

საქმეზე 2022 წლის 17 ივნისს ქართულმა სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური განჩინება გამოსცა და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სს “თიბისი ბანკიდან” დივიდენდის მიღება აუკრძალა, რაც თანხობრივად დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იან მალქოლმ ჰოქი “თიბისის” მშობელი კომპანიის, ანუ TBC PLC-ის მხოლოდ 334 ცალ აქციას ფლობს, ამ აქციების ღირებულება დღეის მდგომარეობით 4,770 დოლარია. შედარებისთვის, მთლიანად TBC PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 790 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღეს ბრიფინგი გამართა იან მალქოლმ ჰოქის იურისტმა დიმიტრი ტორაძემ. მისი განცხადებით, ჰოქის მიზანია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკს დაუბრუნონ ის თანხა, რომელიც მათ წლების წინ “სამგორი M”-სა და “სამგორი თრეიდზე” გაცემული სესხებიდან მიიღეს. მისი თქმით, დღეს ეს თანხა 40 მილიონს სცდება. ტორაძის განცხადებით, თანხის ბანკისთვის დაბრუნების შემთხვევაში ბანკის კაპიტალიზაცია გაიზრდება, შედეგად სარგებელს ყველა აქციონერი, მათ შორის მისი კლიენტიც მიიღებს.

“ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამგორი M-სა და სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, რომლებიც იმავე დღეს მოხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე და რომელი სესხის მოთხოვნაც “თიბისიმ” საერთოდ დაკარგა და აღმოჩნდა რომელიღაც ოფშორული კომპანიის ხელში დაუბრუნდეს “თიბისი ბანკს”. თუ ეს დაუბრუნდება “თიბისი ბანკს”, ყველა აქციონერის აქტივების გაზრდა მოხდება და კაპიტალიზაცია იქნება ბევრად მაღალი. ყველა აქციონერის შესაბამისი წილი პროპროციულად გაიზრდება. ძირითადი თანხა ეს არის 16,664,000 დოლარი. სამართლებრივად ეს შეიძლება მოხდეს მიუღებელი შემოსავლის სახით. ეს თანხები ადის უკვე 40 მილიონს სცდება. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა ის დოკუმენტები,”- განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც იან მალქოლმ ჰოქი არის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Group PLC-ის აქციონერი და არა სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკის” აქციონერი, თუმცა მის გაცემულ მინდობილობაში, რომლითაც იურისტმა საქართველოში დაიწყო პროცესი ნათქვამია, რომ ის არის სს “თიბისი ბანკის” აქციონერი. ეს ზვიად კორძაძის განმარტებით, წარმოადგენს დარღვევას, რის გამოც ეს მინდობილობა არის ბათილი.

ზვიად კორძაძის განცხადებით, ანალოგიურად, ქართულმა სასამართლომ გამოსცა განჩინება და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აუკრძალა სს “თიბისი ბანკისგან” დივიდენდის აღება. ადვოკატის განმარტებით, ესეც იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ არიან სს “თიბისი ბანკის” აქციონერები, შესაბამისად, ისინი სს “თიბისი ბანკისგან” დივიდენდებს ისედაც არ იღებენ.

ზვიად კორძაძის განმარტებით, საქართველო არ შეიძლება იყოს იან მალქოლმ ჰოქის სარჩელის განხილვის ქვეყანა, რადგანაც ის არა ქართული, არამედ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის აქციონერია. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის იურისტი თავად სარჩელის შინაარსზეც საუბრობს. მისი განმარტებით, იან მალქოლმ ჰოქი TBC Group PLC-ის აქციონერი მხოლოდ 2022 წლის თებერვალში გახდა, თუმცა სარჩელი 2007-2008 წლების პროცესებს შეეხება და მას არ გააჩნია არავითარი უფლება 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე იდავოს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი ტორაძემ განაცხადა, რომ ის ზვიად კორძაძეს დებატებში იწვევს და შესაბამის მედიასაშუალებებს თხოვს მათ თანაბარი დრო დაუთმონ.

“დებატებში ვიწვევ მათ და მინდა, რომ პირობა იყოს ერთადერთი, რომ ქრონომეტრაჟი გვქონდეს თანაბარი,”- განაცხადა ტორაძემ.

ქართულმა სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოიტანა. სასამართლომ 12 იანვარს გამოტანილი განაჩენით ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა და “ფულის გათეთრების” მუხლი თაღლითობის ხანდაზმული მუხლით შეცვალა. პროკურატურა ფულის გათეთრების მუხლით დავობდა, რასთან დაკავშირებით როგორც საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, ასევე TI-ს მიერ ჩატარებული შეფასების თანახმად, არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც საქმეში ბრალს დაადასტურებდა.

"მიზანი არის ის, რომ ვითომდა გაჩნდა ვიღაც დაზარალებული პირი, ვითომ მამუკამ და ბადრიმ ზიანი მიაყენეს ვინმეს, სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, რომ დაზარალებული არავინ არაა და საზოგადოებისთვის გააჩინეს დაზარალებული პირი. ოღონდ არა სამართლებრივად, რადგანაც სამართლებრივად ეს არის აბსურდი", - განმარტავს ზვიად კორძაძე.