მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორის პასუხისმგებლობაა, მოამზადოს ხარისხიანი დოკუმენტაცია - დავითაშვილი "ნამახვანჰესზე"

5fd9e7d69693d
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.20 17:22
730
BMG-ის კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს "ნამახვანჰესის" პროექტზე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ინვესტორის პასუხისმგებლობაა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების ისეთი დოკუმენტი, რომელიც პასუხს გასცემს იმ საკითხებს, რაც მოსახლეობას აღელვებს.

ამასთან, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის კასკადის პროექტი ორი დამოუკიდებელი ჰესისგან ზედა და ქვედა ნამახვანისგან შედგება, მათგან ოფიციალური ნებართვა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ პროექტზე არის გაცემული. 

“ნამახვანთან დაკავშირებით არის ორი პროექტი - ზედა და ქვედა ნამხვანის; როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მკაფიოდ შევისწავლეთ  ყველა გარემოსდაცვითი საკითხი, რომელიც ქვედა ნამახვანის პროექტს შეეხებოდა,  თუმცა მეორე პროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება.

ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებიდან ისმის, გავცეთ პასუხი. ინვესტორების პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, რათა მათ ხარისხიანი დოკუმენტაცია მოამზადონ, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ კვლევებზე იმ კრიტიკული მიმართულებებით, რაც საზოგადოებას აღელვებს. მათ შორის, ეს გვაღელვებს ჩვენც და ჩვენ სამინისტროსაც, რადგანაც აქ საუბარია, კონკრეტულ მიკროზონებზე ზეგავლენაზე.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იყოს სწორი და ადეკვატური მოცულობის საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას კომპენსირებას გაუკეთებს", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მინისტრის თქმით, წელს პარლამენტმა მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი, რომელიც მსგავს პროექტებთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეული დოკუმენტების მომზადებას ითვალისწინებს. 

"ქვეყანამ მიიღო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი კოდექსი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს სტანდარტებს და ახლებურ პოლიტიკას ამკვიდრებს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ბევრი პროექტი რომელიც მიმდინარეობს და არის შესრულების პროცესში, არის ძველი კანონმდებლობის შესაბამისად მომზადებული. ბევრი რამ წინა სტანდარტის თანახმად არ იყო შესწავლილი და გამოკვლეული. ჩვენ ახლა ვითხოვთ ბევრ სხვა საკითხზე ყურადღების გამახვილებას, ეს არის როგორც ეკოლოგიური ელემენტები და ასევე, სოციალური ფაქტორები, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების პროცესის შეფასების ნაწილია. ეს არის ევროპული მიდგომა. აქ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავად იმ საკონსულტაციო კომპანიების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ამ ანგარიშებს ასრულებენ.

თხოვნაა ინვესტორებთან, რომ მეტი იყოს აქცენტი შესწავლებზე, რათა ჩვენთან ხარისხიანი დოკუმენტაცია მოვიდეს და ჩვენი გადაწყვეტილებებიც იყოს უფრო ადეკვატური. მეორეს მხრივ კი, მათი მხრიდან  მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციის ნაკლებობა უფრო არის პრობლემა, ვიდრე ამა თუ იმ ჰესის არსებობა/არარსებობის საკითხი," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 23 ოქტომბერს დაწყებული აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 16 ნოემბერს კი, აქციებთან დაკავშირებით განცხადება პროექტის ინვესტორმა კომპანიამაც გააკეთა. ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.