მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორთა საბჭომ 2020-2021 წლების სამუშაო გეგმა განიხილა და დაამტკიცა" - გიორგი ჩერქეზიშვილი

5e3810d316b7c
ინგა მურუსიძე
03.02.20 16:43
1250
ინვესტორთა საბჭომ 2020-2021 წლების სამუშაო გეგმა განიხილა და დამტკიცა, - ამის შესახებ საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარემ გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში ინვესტორთა საბჭოს სხდომა პირველად გაიმართა.

მედია დაინტერესდა, რატომ დაგვიანდა სხდომის ჩატარება და რატომ გადაიდო ის რამდენჯერმე, რაზეც თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „საკითხების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება”.

“უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია, როცა ხდება დიალოგი კერძო სექტორს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის. ინვესტორთა საბჭოს შეხვედრების პლატფორმა, რომელიც შექმნილია EBRD-ის და მთავრობის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში ითვალისწინებს საკითხების შემუშავებას და ამის შემდეგ უკვე უფრო მაღალი რანგის შეხვედრებზე მის წარდგენას. დღეს საბჭოში, დაახლოებით, 6 სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოყალიბებული. განვიხილეთ და დავამტკიცეთ 2020-2021 წლების სამუშაო გეგმა, სადაც ასევე განსაზღვრული იქნა სამუშაო ჯგუფების მუშაობის სქემა“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრემიერის იდეა იყო, რომ ინვესტორთა საბჭო ორ თვეში ერთხელ შეკრებილიყო, თუმცა ჩერქეზიშვილის თქმით, საბჭოს მანდატი სხდომების კვარტალში ერთხელ გამართვას ითვალისწინებს.

“ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაო ჯგუფებზე; თუკი რომელიმე საკითხი ხვალისთვის მომზადდება, შესაძლოა სხდომა ჩაინიშნოს ხვალვე“, - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა არ დააზუსტა, თუ რა კონკრეტული საკითხები დადგა საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, თუმცა თქვა, რომ საუბარი შეეხებოდა რეგულირების ნაწილში სამშენებლო და ფარმაცევტულ ბიზნესებს.