მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭოს მისია და მუშაობის სპეციფიკა - ინტერვიუ გიორგი ჩერქეზიშვილთან

63ff0d9a09cab
თელარა გელანტია
02.03.23 09:58
846
ინვესტორთა საბჭო საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, 2015 წელს დაარსდა. საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ, EBRD-ის მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ინვესტორთა საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ დიალოგსა და აზრთა გაცვლას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რომელიც არსებითია ბიზნესისა და ინვესტორთა გამოწვევების იდენტიფიცირებისათვის და მათ გადასაჭრელად, საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის.

რამდენად ეფექტიანია კერძო და საჯარო დიალოგის აღნიშნული პლატფორმა და როგორ შეირჩევა საკითხები, რომელთაც ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე განიხილავენ - BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემებზე ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა.

- ინვესტორთა საბჭოს წარმატებაზე საუბარი, ჩემი მხრიდან ალბათ რთული იქნება, მაგრამ ზოგადად, შემიძლია, აღვნიშნო საჯარო და კერძო დიალოგის მნიშვნელობა; როდესაც საჯარო უწყებები გახსნილია, კერძო სექტორიც მოწადინებულია, ინვესტორთა საბჭოს საშუალებით, ესა თუ ის პრობლემა მთავრობასთან განიხილოს და კონკრეტული პასუხები მიიღოს. მოგეხსენებათ, რომ ინვესტორთა საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს, შესაბამისად, საკვანძო საკითხების განხილვა პრემიერ-მინისტრის დონეზე ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი აქტიურად უჭერს მხარს ინვესტორთა საბჭოს ინიციატივებს და ხშირად არსებული გამოწვევების გადაჭრის საშუალებებსაც სთავაზობს წევრებს. ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდგომ მუშაობას სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ვაგრძელებთ. ვთვლი, რომ სხდომაზე არსებული ღია და გამჭვირვალე დიალოგი საკმაოდ ნაყოფიერია. მთავრობას საშუალება ეძლევა, კერძო სექტორს მოუსმინოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო შენარჩუნდეს, ქვეყანაში შემოსული ინვესტორი არ დაბრკოლდეს და სამომავლოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება გაიზარდოს.

- რაიმე გონივრული ვადა არსებობს, რაც ეძლევა შესაბამის სამინისტროს იმ საკითხის/გამოწვევის თუ პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც ინვესტორთა საბჭოს წევრები აყენებენ სხდომებზე?

- ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა სამ მიმართულებად იყოფა: 1. უშუალოდ, ინვესტორთა საბჭოს სხდომები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, წელიწადში რამდენჯერმე იმართება; 2. კერძო და საჯარო სექტორიდან წარმოდგენილი ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, სადაც ინვესტორთა საბჭოს წევრების მიერ დაყენებულ სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობენ; და ბოლოს, მესამე მიმართულებაა ტექნიკური დახმარებების ინიცირება და პრიორიტეტიზაცია - საკითხები, შესაძლოა, წამოჭრას კერძო სექტორმა და შემდეგ ხმა მივაწვდინოთ დონორებს, ან თავად ინვესტორთა საბჭომ ჩათვალოს, რომ საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის, გარკვეულ თემაზე მეტი მუშაობაა საჭირო და ა.შ.

- რა სახის ანგარიშვალდებულება აქვს ინვესტორთა საბჭოს EBRD-ის, როგორც დამფუძნებლის და დონორის წინაშე?

- EBRD ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილში არის ჩართული და ჩვენ, ანგარიშს ყოველთვიურ რეჟიმში ვაბარებთ. ზოგადად კი, ინვესტორთა საბჭო ანგარიშვალდებულია არა მხოლოდ EBRD-ის, არამედ საბჭოს თითოეული წევრის მიმართ და ინვესტორთა საბჭოს ყველა სხდომაზე მათაც ვაბარებთ ანგარიშს. გარდა ამისა, წელიწადში ორჯერ, საბჭოს წევრებისთვის ინვესტორთა საბჭოს სამდივნო შესაბამის შეხვედრას აწყობს, სადაც შედეგებს ვაჯამებთ.

- როგორც ვიცი, ინვესტორთა საბჭოს მე-19 სხდომაზე, რომელიც 22 თებერვალს ჩატარდა, სხდომის მონაწილეებთან ერთად მიმოიხილეთ 2023-2024 წლების გეგმაც - რა არის ძირითადი პრიორიტეტული თემები და ზოგადად, როგორ ირჩევა ისინი?

- სამოქმედო გეგმაში, ძირითადად, აისახება ინვესტორთა საბჭოს წევრების მიერ დაყენებული საკითხები და ასევე, სამდივნოს მხრიდანაც ხდება გარკვეული თემების ინიცირება, რაზეც ვფიქრობთ, რომ საჭიროა მუშაობა. საბოლოოდ, კონსენსუსის გზით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას, ძირითადი აქცენტი კეთდება კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობაზე; საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე; სხვადასხვა პრიორიტეტულ სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ხორციელდება; ინვესტიციების ხელშეწყობაზე, რომელიც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერას გულისხმობს; გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებზე და აგრეთვე, მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც ინვესტორთა საბჭოს შედარებით ახალ მიმართულებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა საბჭოს დეტალური სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყოველი წლის სამოქმედო გეგმა განთავსებულია საიტზე www.investorscouncil.ge.