მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IOTA-ს კონფერენციის მონაწილეები საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ

5da825c2cab0e
BM.GE
17.10.19 12:25
851
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ მონაწილეებს საგადასახადო სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპულ ორგანიზაციასთან და თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება ამ პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია.

„ეს არის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია IOTA-ს ისტორიაში, რომელიც გამოირჩევა იმითაც, რომ საგადასახადო ადმინისტრაციებთან ერთად, კონფერენციაში პირველად მონაწილეობს კერძო ბიზნესი. განსახილველი საკითხები, ძირითადად, ეხება საგადასახადო თემატიკას, გამოწვევებს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და მათი გადაწყვეტის გზებს. ამ ნაწილში, კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით აღსანიშნავია, ვინაიდან ციფრული ეკონომიკის ის პროდუქტი, რომელიც მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სწორედ კერძო ბიზნესის მიერაა შექმნილი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა ბიზნესგარემოს ხელშეწყობისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით, მათ შორის, დასახელდა: მოგების გადასახადის რეფორმა, მცირე ბიზნესისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედება, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაცია და სხვა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას, ისევე როგორც ეფექტიანი ციფრული საჯარო სერვისების განვითარების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოცდილებას.

თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამჟამად შემოსავლების სამსახურს აქვს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. 
„ინოვაციებისადმი მზადყოფნა, ელექტრონული სერვისების ფართო გამოყენება და მომხმარებლისთვის მეგობრული პროგრამების შემუშავება, ყოველთვის იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ მთავარ პრიორიტეტთა შორის, რომელიც მიზნად ისახავს საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის გამარტივებას, ასევე გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას", - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.