მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკა სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდირდა, გაყიდული ბინების პორტფელი 828 მილიონია

60115bf68a643
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.21 10:10
968
BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოშისგან” გამოითხოვა ინფორმაცია იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შესახებ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 31 დეკემბერს დასრულებული პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდება. ამასთან, გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, ერთი საშუალო სუბსიდირებული სესხის მოცულობა 98,063 ლარს შეადგენს.

ამასთან, ირკვევა, რომ ამ სესხების თანადაფინანსებაზე ამ დრომდე მთავრობამ 940,196 ლარი დახარჯა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამით, სესხების გარანტიაც გაიცემოდა. გარანტირებით 2,072-მა მსესხებელმა ისარგებლა და ის 230 მილიონი ლარის სასესხო პორტფელს ეხება.

სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემოდა არაუმეტეს 200,000 ლარიან სესხებზე;
● შეეხო მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღო იპოთეკური სესხი ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკების სუბსიდირება უძრავი ქონების ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი იყო.