29.ივნისი .2020 13:15

იპოთეკის სუბსიდია მუდმივად 4% არ იქნება და შესაძლოა, 3% ან 2%-მდეც შემცირდეს

views 643
უკან

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის პროგრამის დამტკიცების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია ის პირობები, რომლითაც სახელმწიფო 5 წლის ვადით იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას მოახდენს.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ “არაუმეტეს 4%-ია”. ეს კი თავის მხრივ, აჩენს შესაძლებლობას, რომ სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

განსხვავებულია ფორმულა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე იპოთეკური სესხებისთვის. აქ თანადაფინანსების მოცულობა გამოითვლება სესხის მომსახურების თითოეული პერიოდის დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%. იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში საუბარია 5-წლიან პერიოდზე, ამ 5 წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთს ცვლილებასთან ერთად, სესხის თანადაფინანსების ოდენობაც შეიცვლება. კვლავ ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს და მას აღადგენს იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მეტი გახდება. 

რეფინანსირების განაკვეთის სხვადასახვა ოდენობის შემთხვევაში ფაქტობრივი თანადაფინანსების მოცულობა ასეთი იქნება (ცვლადი განაკვეთის სესხის შემთხვევაში):

● რეფინანსირების განაკვეთი - 8.25% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 4%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 8% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 3.75%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთ - 7.5% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 3.25%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 7% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 2.75%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 6.5% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 2.25%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 6% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 1.75%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 5.5% - ამ დროს მოქალაქე მის სესხზე 1.25%-იან სუბსიდიას მიიღებს;
● რეფინანსირების განაკვეთი - 5% - ამ დროს სუბსიდია წყდება იმ ვადით, სანამ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ზე მეტი არ გახდება.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსნადრე ძნელაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ შესაბამისი ფორმულა მთავრობისა და ბანკების მოლაპარაკებების შედეგად შეჯერდა და მის მიზანს, ცვლადი და ფიქსირებული განაკვეთის შემთხვევაში აღებული იპოთეკური სესხების განაკვეთების გათანაბრება წარმოადგენდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეისთვის ლარის იპოთეკის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10.7%-ს შეადგენს. შესაბამისად, 4%-იანი სუბსიდიის პირობებში აღებული ფიქსირებული განაკვეთის სესხისთვის, 5 წლის განმავლობაში გადასახდელი განაკვეთი რეალურად 6.7%-ის ტოლი იქნება. ლარის სესხების განაკვეთზე მოქმედი წამყვანი ფაქტორი რეფინანსირების განაკვეთია. იმ შემთხვევაში თუ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში იპოთეკა კვლავ 4% შენარჩუნდებოდა, დადგებოდა ვითარება, როდესაც ცვლადი განაკვეთის სესხის მქონე პირს ბევრად ნაკლები მოცულობის თანხის გადახდა მოუწევდა, ვიდრე მას, ვისაც ფიქსირებული განაკვეთის სესხი ჰქონდა აღებული, ამიტომ შემუშავდა გათანაბრების მექანიზმი.

პროგრამის ფარგლებში:

● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა