მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარი 3-4 წელში 2 მლრდ-მდე იქნება - სებ-ის პროგნოზი

624d54368019e
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.22 21:22
1232
საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბანკებს ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული 132,000-ზე მეტი იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა გაუჩნდებათ.

მაგალითად, ბანკს შეეძლება გამოუშვას 100 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი, რომელიც შესაბამისი იპოთეკებით იქნება გამყარებული (ამ შემთხვევაში 100 მილიონი ლარი დაახლოებით 1,500 იპოთეკური კრედიტის საერთო მოცულობას უდრის).

ეროვნული ბანკის პროგნოზით, კანონის მიღების შემდეგ სამ-ოთხ წელში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარი 1.5-2 მილიარდი ლარის ფარგლებში იქნება - ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ტიპის ფასიანი ქაღალდის ერთ-ერთი შემსყიდველი საქართველოს საპენსიო სააგენტო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნულმა ბაზარმა 3-4 წელში უნდა მიაღწიოს 1.5-2 მილიარდ ლარამდე მოცულობას. ბუნებრივია, ეს არ იქნება მხოლოდ ლარის ფასიანი ქაღალდები, თუმცა უმეტესად ლარის იქნება და საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარს ველოდებით. მოგეხსენებათ, დღეს ლარის სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობა 250-300 მილიონია, ხოლო მხოლოდ ამ ინსტრუმენტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გავზრდით სავალო ლარის ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ამ მხრივ ბაზრის 7-8-ჯერ ზრდას ველოდებით.

ვთვლით რომ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ პოპულარული იქნება ემიტენტთა ანუ ბანკების მხრიდან, ასევე საფინანსო ინსტიტუტებს, საპენსიო ფონდებს და IFI-ებს შორის,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

იპოთეკური ობლიგაციების შესახებ იანვარში საკუთარი შეფასება გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი ბანკებს დაფინანსების დივერსიფიცირებაში დაეხმარება.

"იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონის პროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში", - აღნიშნულია Moody’s-ის ანგარიშში.

იპოთეკური ობლიგაცია - არის კომერციული ბანკის (მათ შორის, რეფინანსირების ბანკის) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით, საიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს, როგორც კრედიტორებს, გააჩნიათ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,”- წერია კანონის განმარტებით ბარათში.