მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იპოთეკურ სესხებზე განაცხადები 10-ჯერ გაიზარდა“ - როგორია სუბსიდირების პირველადი ეფექტი?

5f129e361df16
ელენე გოგბერაშვილი
18.07.20 11:04
1314
საქართველოს მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა 28 მაისს დაანონსა, პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა კი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ძნელაძე bm.ge-თან საუბარში ამბობს, რომ ფაქტობრივად 1 ივლისიდან გაცემული ყველა სესხი, რომელიც აკმაყოფილებს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პირობებს, მოხვდება სუბსიდირების პროექტში. რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მონაცემებს, როგორც ძნელაძე ამბობს, იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა, თუმცა აღნიშნულმა პროგრამამ უკვე იქონია ეფექტი არამხოლოდ სუბსიდირების ქვეშ გაცემულ სესხებზე, არამედ სხვა იპოთეკურ სესხებზე, რომელიც საერთოდ არ ხვდება სუბსიდირების პროგრამაში. „პირველადი ეფექტი ესაა“-ამბობს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტი ამოქმედებულია. საკრედიტო საგარანტიო სქემა ამოქმედდება უახლოეს მომავალში. რეალურად აქტიურად მიმდინარეობს განაცხადების მიღება, თუმცა კიდევ უფრო მეტ აქტივობას ველოდებით, როდესაც კომერციული ბანკებიდან და დეველოპერებიდან მოხდება კონკრეტული პროექტების და პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლებზე, მორგებული სუბსიდირების პროექტზე. დღეს შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ, რომ განაცხადების რაოდენობა 10-ჯერ არის გაზრდილი იპოთეკურ სესხებზე, მაგრამ ეს არის პირველი კვირის შედეგი. თუ რა გრძელვადიანი ეფექტი ექნება, ამას ჯერჯერობით ვერ გეუბნებით“-ამბობს ძნელაძე.

კითხვაზე, რა გათვლები აქვს გაკეთებული წლის ბოლომდე საბანკო სექტორს, რა ეფექტი ექნება სუბსიდირების პროგრამას იპოთეკური სესხების პორტფელზე, ძნელაძე გვაპსუხობს, რომ „სუბიექტური გათვლებია, უფრო იმედია, ვიდრე გათვლები“.


სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.