მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონი მიღებულია

63a018e6c2ac7
შოთა ტყეშელაშვილი
19.12.22 11:57
964
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონი, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მოქმედ ბანკებს მათი იპოთეკური პორტფელიდან ახალი ფასიანი ქაღალდების შექმნა შეეძლებათ.

სხვა ტიპის ობლიგაციებისგან განსხვავებით, იპოთეკური ობლიგაციები უზრუნველყოფილი ტიპის ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს და ისინი შესაბამისი იპოთეკური სესხებითაა დაცული.

“იპოთეკური ობლიგაცია − კომერციული ბანკის (მათ შორის, რეფინანსირების ბანკის) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით, რომლებიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს, როგორც კრედიტორებს, აქვთ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება,”- ნათქვამია კანონში.

იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონში განმარტებულია წესები კომერციული ბანკებისთვის თუ რა პირობებით შეუძლიათ მათ ამ ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვება.

კანონის თანახმად, ობლიგაციის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული აქტივების (ძირითადად, იპოთეკური სესხების პორტფელის) დარჩენილი ნომინალური ღირებულება ობლიგაციის დარჩენილ ნომინალურ ღირებულებას სულ მცირე 5%-ით უნდა აჭარბებდეს.

ანუ თუკი ბანკს სურს გამოუშვას 100 მილიონი ლარის ღირებულების იპოთეკური ობლიგაცია, ამ ობლიგაციის უზრუნველყოფაში სულ მცირე 105 მილიონი ლარის ღირებულების აქტივები იყოს ჩადებული.

კანონი ასევე შეიცავს მოთხოვნებს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით: “უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება, არ უნდა აჭარბებდეს აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60 პროცენტს, თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი ქონება, ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება − 80 პროცენტს. ამ პუნქტით დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ერთზე მეტი იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით დადგენილზე უფრო მკაცრი ზღვარი,”- ნათქვამია კანონში.

ამჟამად საბანკო სექტორში 9.35 მილიარდი ლარის ფიზიკური პირების იპოთეკური პორტფელი არის რეგისტრირებული. ამ იპოთეკური სესხების რაოდენობა 142 ათასს შეადგენს.

მთლიანი პორტფელის 55% ლარში; 45% კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.