მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების გაცემის წესში ცვლილებაა

621f8805ef44c
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 20:00
1393
დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა იპოთეკური სესხების გაცემის წესებში ცვლილებები შეიტანა. ახალი პირობების მიხედვით, ბანკებს მოუწევთ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს გაითვალისწინონ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის შოკის რისკის ალბათობა, რომელიც 3 პროცენტული პუნქტით იქნება განსაზღვრული.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ასეთი ცვლილება საჭიროა იმისთვის, რათა ცვლად განაკვეთზე მიბმული იპოთეკების საპროცენტო განაკვეთის მატებამ ბანკებში ფინანსური რისკები არ წარმოშვას.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 მაისიდან უნდა შევიდეს.

“იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.

2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან,” - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად გააძვირებს ეს გადაწყვეტილება იპოთეკური კრედიტების განაკვეთებს.