მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების სუბსიდირების დაანონსებამ ბინების გაყიდვები შეანელა - „რედკო“

5ee894e57fee5
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.20 13:44
1990
"ვინაიდან მთავრობის მიერ ინიცირებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა გაიწელა, ბევრმა მსურველმა თავი შეიკავა ბინის შეძენისგან", - ამის შესახებ BM.GE-ის სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ეს ბუნებრივი პროცესია და სამშენებლო სექტორიც აღნიშნული პროგრამის ამოქმდების მოლოდინშია.

„ვინაიდან მთავრობის მიერ ინიცირებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა გაიწელა, ბევრმა მსურველმა თავი შეიკავა ბინის შეძენისგან, რადგან არ მოაკლდეთ ის 4%, რომელიც მთავრობამ უნდა დაუსუბსიდიროს. უძრავი ქონების გაყიდვები ისედაც შემცირებული იყო, თუმცა აქტივობა მაინც იყო, დღეს კი გაყიდვები შენელდა. ჩვენთან მოსული ბინის შეძენის მსურველები პირველ რიგში კითხულობენ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ვადებს“, - განაცხადა „რედკოს“ დირექტორმა.

მალხაზ კუნელაური პროგრამის ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცებაზეა დამოკიდებული.

"ჩემი ინფორმაციით, იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ასამოქმედებლად ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის დამტკიცებას ელოდებიან და ამავე დროს, მიმდინარეობს ბანკებთან გარკვეულ დეტალებზე მუშაობა ეროვნული ბანკის მხრიდან. რა დრო დასჭირდებათ, არ ვიცით. როგორც ბანკების ასოციაციაში ამბობენ, ყველაზე კარგ შემთხვევაში ივნისის ბოლომდე ეს უნდა დალაგდეს და ივლისის დასაწყისიდან უნდა შევძლოთ უკვე დაკრედიტება ახალი სუბსიდირების პროგრამით“, - განმარტა მალხაზ კუნელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

მთავრობას პროგრამის მეტი დეტალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არის ცნობილი.