მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხების სუბსიდირების დასრულებას ფაქტობრივად განაკვეთის ზრდის ეფექტი აქვს - სებ

601a5d2039ade
BM.GE
03.02.21 12:25
643
"გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნდა. 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ ქვეყანაში ახალი იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შენელდა. პირველი სამუშაო კვირის, ანუ 15 იანვარი - 25 იანვრის პერიოდში იპოთეკების მოცულობა TBC ბანკში 43.7%-ით შემცირდა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, არსებულ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისთვის სათანადო წინაპირობები არ შეიმჩნევა. მეტიც, სებ-ი არც მის შემდგომ ზრდას არ გამორიცხავს.

"იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე მისი შემცირება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება და დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. წინა პროგნოზთან შედარებით, ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, რომელიც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა. ამასთან, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და გაუფასურებული კურსის გამო.

ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, იმპორტირებულ ინფლაციასა და შუალედურ ხარჯებს ზრდის. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ, მიუხედავად შედარებით ძლიერი შიდა მოთხოვნისა, ერთობლივი მოთხოვნა, საგარეო მოთხოვნის მკვეთრი კლების გამო, კვლავ შემცირებულია. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო, გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირების დასრულებას, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი აქვს. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის შესახებ.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს,"- ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.