მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკური სესხის სუბსიდირებით 364 მილიონი ლარის სესხი დამტკიცდა

5fa2837b722fb
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.20 15:00
1054
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხები გაიცა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3,823 მსესხებელმა ისარგებლა.

სესხების სუბსიდირება სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის არის შექმნილი და მის ფარგლებში ბენეფიციარები სესხის პროცენტის თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში მიიღებენ.

პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:

● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება - 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი - 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.



უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. გაყიდვების ჯამური ღირებულება კი $134 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი.

Colliers-ის თანახმად, თბილისში სექტემბერში რეალიზებულ ბინებში 2,159 ბინა ახალაშენებული იყო, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ით მეტია, ძველ ბინებზე რეგისტრირებული გარიგებები კი 2%-ით 962 ერთეულამდე შემცირდა. ამავე, ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, 32%-ით ეკონომ კლასის ბინებზე არის მოთხოვნა გაზრდილი, საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები კი, სექტემბერში 23 და 29%-ით იყო შემცირებული. ამ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნის მატებას, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს.

სექტემბერში ბინების გაყიდვების მატების მიუხედავად, 2020 წლის 3 კვარტალში დედაქალაქში, ჯამურად, 18,537 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.