მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯება

60952335c6448
ინგა მურუსიძე
07.05.21 15:29
611
საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნა ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას დაანონსა. ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ პროექტის განსახორციელებლად შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა უკვე მობილიზებული იყო.

თემასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევას bm.ge დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეეცადა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, წამლის ეროვნული ლაბორატორიის ბაზისური ინფრასტრუქტურისთვის საჭირო თანხა 3 მლნ დოლარია.

"წამლის ხარისხის ლაბორატორია წელს მთავარი პრიორიტეტია და სახელმწიფოს ხარჯებით შეიქმნება. რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიყენოთ სხვა რესურსიც, ვგულისხმობ მიმდინარე სასესხო ხელშეკრულებებს. კერძოდ, შესაძლებელია, „ევროპის საინვესტიციო ბანკთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ლაბორატორიის აღჭურვის საკითხი განვიხილოთ, თუმცა პირველ ეტაპზე სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ნაწილში განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ინვესტიციის საკითხს, რათა წამლის ხარისხის ლაბორატორია უმოკლეს ვადებში შეიქმნას. ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება და მომავალი წლისთვის უკვე გამართული წამლის ლაბორატორია გვექნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.