მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება თუ არა ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევა? - რაზე მსჯელობს მთავრობა ბიზნესთან

603cfd86e3964
ელენე გოგბერაშვილი
03.03.21 21:00
776
საქართველოს მთავრობამ ტურისტებს მხოლოდ ცა გაუხსნა. რიგი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა ნეგატიური PCR-ტესტით არის დაშვებული. ჯერ კიდევ დაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვარი, საიდანაც ქვეყანას ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.

ჩავარდნილი ზამთრის ტურისტული სეზონის შემდეგ, რა წესების დაცვით მოუწევთ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ვიზიტორებს საქართველოში შემოსვლა, ჯერ მკაფიოდ გაწერილი არ არის. მხოლოდ მსჯელობის დონეზე დგას საკითხი, რომ ტურისტებს სავალდებულო კოვიდ-დაზღვევის შეძენა მოუწიოთ.

როგორც სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები BM.GE-თან ამბობენ, საკითხზე საუბარი მთავრობასთან მიმდინარეობს, თუმცა აქტიურად არა, რადგან მთავრობას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს.

"ეს შესაძლებლობა განიხილება, ოღონდ არ არის ძალიან მძაფრი სამუშაო პროცესი, თუმცა მიმდინარეობს მსჯელობა როგორ შეიძლება მაქსიმალურად კარგი და სწორი სტრუქტურა მოიძებნოს, რომ ერთი მხრივ ტურიზმს არ შეეშალოს ხელი, დაცული იყოს ტურისტი და კოვიდის დადასტურების შემთხვევაში პრობლემა არ შეექმას დაფინანსების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებს“, - აცხადებს იმედი-L-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.

„მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს ტურისტების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ვაქცინაცია იქნება ინსტრუმენტი, რომელიც გაადვილებს ყველაფერს. ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის რა შედეგები ექნებათ ვაქცინაციის კუთხით, მათ შორის მეზობლებს, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. ძალიან მინდა „სპუტნიკი“ აღმოჩნდეს ძალიან ეფექტური ვაქცინა, რადგან კარგი იქნება, რომ რუსეთი უსაფრთხო გახდეს ჩვენთვის. სხვა მეზობლებიც ასევე.

სტრატეგია მთავრობამ უნდა შეიმუშაოს. დღეს ქვეყანაში შემოსვლის მთავარი წინაპირობა კოვიდზე ტესტირებაა, ხვალ შეიძლება დაემატოს ვაქცინირებული. მაგალითად, დუბაიმ შემოიღო სავალდებულო დაზღვევა, თუმცა ამან გაზარდა ავადობა....

რაც შეეხება დაზღვევის პრინციპს, ტურისტი, ვინც შემოვა, უნდა იყოს დაზღვეული. შესაბამისი პოლისი კი კოვიდის ხარჯებს დაფარავს საქართველოში თუ დაზღვეულს კოვიდი აღმოაჩნდება, სამედიცინო სისტემა კი მიიღებს სწრაფად დაფინანსებას.

ბევრი საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით დეტალები. აცრილი ტურისტის რისკი სხვაა, ვიდრე აუცრელის. მზღვეველებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტების ნაკადის პასუხისმგებლიანი პროგნოზი გვქონდეს, რასაც ველით. ამასთან ფინანსური ჩარჩოც უნდა მოიხაზოს. მგონია, რომ ამ თვეში რაღაც კონკრეტულზე ჩამოყალიბება უნდა მოხდეს“, - აცხადებს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი.