21.ნოემბერი .2019 12:17

ირაკლი ჩიქოვანი - ლარის კურსთან მიმართებით პასუხისმგებლობები კანონითაა განმარტებული

views 534
უკან

"ლარის კურსთან მიმართებაში არსებული პასუხისმგებლობები, უფლებები და მოვალეობები განმარტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი.

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს ინფლაციასთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

"მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეტირების უზრუნველსაყოფად", - ამბობს გიორგი გახარია.

მთავრობის ახალი პრეს-სპიკერის თქმით, ეს განცხადება მხოლოდ მოწოდებას წარმოადგენს და ის სებ-ის დამოუკიდებლობის პრინციპს არ არღვევს.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. განცხადება რომელიც გააკეთა პრემიერმა ეს იყო მიმართვა, თუმცა ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მიიღებს. ყველა მიმართვა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ეს არის მთავარი ამოსავალი მიზანი", - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან მიმართებით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება დააგვიანა, რის გამოც ინფლაცია მიზნობრივზე მეტად გაიზრადა.