30.სექტემბერი .2019 12:53

ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე იზრდება

views 519
უკან

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს მისი უწყების ბიუჯეტი 880 მილიონ ლარამდე გაიზრდება, საიდანაც 100 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება. მთავრობის ადმინისტრაციაში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროში დასაქმებულების ანაზღაურება ჯამურად 20 მილიონი ლარით გაიზრდება. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტრო სამხედრო წარმოების განვითარებისთვის დამატებით ფინანსებს გამოყოფს.

"მთავარი იდეა, რაზეც ბიუჯეტი დავაფუძნეთ, არის ჯარისკაცებზე ზრუნვა. მთავარი საზრუნავი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება. 28 მილიონი იყო დაგეგმილი და ის 100 მილიონ ლარამდე იზრდება. თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყებთ განახლებას, ყაზარმებსა და სამხედრო ბაზებზე. იქნება ეს ტუალეტები, საშხაპეები, სასადილოები თუ სხვა ინფრასტრუქტურა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება - ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. გვაქვს ამბიცია, რომ კვება გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე ის არის ახლა. გაგრძელდება ვარჯიშები და ფიზიკური მომზადება. 20 მილიონით იზრდება ხელფაები.

ზრდა 100-დან 500 ლარამდე იქნება რანგისა და კატეგორიების მიხედვით. ბოლოს მინდა მოგახსენოთ თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ. სამხედრო მრეწველობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობისა და ჩვენი ბიუჯეტის, ადგილობრივი წარმოების დაწყება, რასაც მოგვიანებით მოგახსენებთ სხვა ფორმატში, ასევე გვექნება მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეს არის განათლების მიმართულებით, ასევე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

გვინდა ასევე დავამუშავოთ იდეა, რომელიც იქნება ფრონტ ოფისის გამოტანა და მისი გახსნა ყველა რაიონში, რაც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას. წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობის და ზოგადად, ჩვენი მთავრობის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით. გასულ წელს იყო 820 მილიონი ლარი, წელს არის 845 მილიონი ლარი", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა